კრიმინალი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლების ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავეს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში საცხოვრებელი სახლების გაქურდვის და ძარცვის ფაქტებზე, 1983 წელს დაბადებული ი.რ. და 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავეს.

უწყებაში ამბობენ, რომ ი.რ.-მ მიმდინარე წლის 2 მარტს ქობულეთში მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი გაძარცვა, საიდანაც ტექნიკა და სხვადასხვა სახის ნივთი გაიტაცა.  

"სამართალდამცველებმა ი.რ. მომხდარიდან მეორე დღეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ნაძარცვი ნივთების ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, ასევე ქობულეთის რაიონში 2 საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ 1992 წელს დაბადებული დ.ტ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში ქობულეთის რაიონის სოფელ ლეღვაში მდებარე 2 საცხოვრებელი სახლიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მოიპარა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნავენ შსს-ში.

გამოძიება ძარცვის და ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. 

კომენტარები