სპორტი

20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო - ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა ამერიკაში 38 მედალი მოიპოვეს

ამერიკის ხმა

საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა 12 დაჭრილმა ჯარისკაცმა კალიფორნიაში, საზღვაო ქვეითების 2019 წლის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ამერიკის ხმა ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ სპორტული შეჯიბრებები 7 ქვეყნის წარმომადგენელ, დაახლოებით, 200 მონაწილეს შორის სპორტის 8 სახეობაში გაიმართა. ტურნირები 2 მარტს დაიწყო და 9 მარტს დამთავრდა.

ქართველმა ჯარისკაცებმა 38 მედალი მოიპოვეს - აქედან 20 ოქრო, 10 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.

ამერიკის ხმის ცნობით, საქართველოს წარმომადგენელმა სპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს კალათბურთში, მშვილდოსნობაში, ცურვაში, ნიჩბოსნობაში, ეტლით სირბილში, ველოსპორტში და მიზანში სროლაში.

დაჭრილი ჯარისკაცები საქართველოში 12 მარტს, გამთენიისას დაბრუნდებიან. 2019 წელს საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ამერიკის საზღვაო ქვეითების ამ ყოველწლიურ სპორტულ ღონისძიებაში მეხუთედ მიიღეს მონაწილეობა. შარშან მათ ჯამში 20 მედალი მოიპოვეს.

კომენტარები