საია: სამინისტრომ სულ 7 სკოლაში ჩაატარა ინსპექტირება, აქედან 6-ჯერ - მეორე ტურამდე პერიოდში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი. საია-ს განცხადებით, 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებული ინსპექტირება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ინსპექტირების მექანიზმი საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გამოიყენეს.

კერძოდ, საიას ხელთ არსებული ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება. 

"მნიშვნელოვანია, რომ აქედან ექვსი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის დასრულების შემდეგ, მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე ჩატარდა, რაც 2018 წელს ჩატარებული მთელი ინსპექტირების 85%-ზე მეტს შეადგენს" - აღნიშნავს ორგანიზაცია.

გარდა ამისა, საია-ს ინფორმაციით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია.

"აქედან სამზე (მათ შორის ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით) მინისტრმა იმავე დღეს მიიღო 9-15 ნოემბრის პერიოდში ინსპექტირების განხორციელების გადაწყვეტილება.

როგორც საზოგადოებისათვის არის ცნობილი, ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიერ ჩადენილ შესაძლო გადაცდომებთან (დარღვევებთან) დაკავშირებით განცხადება სამინისტროში დარეგისტრირდა 2018 წლის 8 ნოემბერს, 13:34 საათზე. ამის შემდეგ, განცხადება:

  • 13:36 საათზე დაეწერა მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს.
  • 13:38 საათზე ინსპექტირების სამსახურს.
  • 13:42 საათზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს/ანალიტიკოსს.
  • 13:42 საათზე ინსპექტირების სამსახურის პირველი კატეგორიის სპეციალისტს.
  • განცხადების საფუძველზე მომზადებული მოხსენებითი ბარათი სისტემაში აიტვირთა ამავე დღის 14:35 საათზე, რომელიც განათლების მინისტრ, მიხეილ ბატიაშვილს დაეწერა 14:42 საათზე.
  • ინსპექტირების ჩატარების შესახებ მინისტრის ბრძანება გამოიცა იმავე დღის 18:00 საათზე.

"ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ საიას მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება სამინისტროში შესულ განცხადებებზე ინსპექტირების სამსახურის მიერ დამატებითი ინფორმაციის მოძიების პრაქტიკა. კერძოდ, მთელ რიგ შემთხვევებში (წინანდლის საჯარო სკოლა, თელავის #4 საჯარო სკოლა) განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის მიერ სხვადასხვა სკოლის დირექტორთა მხრიდან ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით შესულ განცხადებებზე რეაგირებისას, სამინისტრო განმცხადებლისგან ითხოვს კონკრეტული დარღვევების შესახებ ინფორმაციის (დარღვევის ფაქტი, დამრღვევი პირი, დარღვევის პერიოდი და შესაძლო მტკიცებულებები) მიწოდებას. რაც შეეხება ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებულ განცხადებაში დარღვევების შესახებ მხოლოდ ზოგად ეჭვებზე იყო მითითება და არა რაიმე კონკრეტულ ფაქტზე ან დარღვევის ჩადენის დროზე და არ იკვეთებოდა ინსპექტირების ჩატარების რაიმე საჭიროება.


ფოტო: საია

ინსპექტირების საფუძვლად გამოყენებული განცხადების განათლების სამინისტროს 5 მოხელის მიერ 8 წუთში განხილვა აჩენს ეჭვს, რომ წერილის შესწავლა არ მომხდარა სათანადოდ და მისი უმოკლეს ვადაში "განხილვა" შესაძლოა წარმოადგენდა მიზანმიმართულ, წინასწარ დაგეგმილ ფორმალურ პროცესს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურამდე (28 ნოემბრამდე) ინსპექტირების განხორციელება, სავარაუდოდ მიზნად ისახავდა სკოლის დირექტორზე (ირიბად სხვა სკოლის დირექტორებზე) პოლიტიკური ზეწოლის შესაძლო მოხდენას, რაც არაერთ არჩევნებზე იყო გამოკვეთილი" - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს, მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

კომენტარები