მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა

ეკა ბესელია მოსამართლეების უვადოდ გამწესებაზე კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ქართული ოცნებიდან" წასული ეკა ბესელია მოსამართლეების უვადო გამწესების გაუქმებას ან შეჩერებას ითხოვს.

​დეპუტატს მიაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს.

ბესელია აპირებს გამართოს კონსულტაციები პოლიტიკურ ჯგუფებთან. მისი თქმით, ამის მიზანი იქნება მომზადდეს ახალი ინიციატივა, რომელიც მომავალშიც დააზღვევს მოსამართლეთა უვადო გამწესების საკითხს. კონსულტაციის დროს ასევე გადაწყდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესება საერთოდ უნდა გაუქმდეს თუ დროებით შეჩერდეს.

დეპუტატის განმარტებით, თუ კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ მოსამართლე არ შეიძლება იყოს უვადო, ეს შეეხება უკვე გამწესებულ მოსამართლეებსაც და შესაბამისად, მათაც დაუწესდებათ თანამდებობაზე ყოფნის გარკვეული ვადა.

თავად ბესელიას მიაჩნია, რომ საქართველო დღეს არ არის მზად მოსამართლეების უვადოდ გამწესებისთვის. ის მომავალი კვირიდან ერთდროულად იწყებს ხელმოწერების შეგროვებას და კონსულტაციებს პოლიტიკურ ჯგუფებთან. საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ინიცირებას 76 დეპუტატის მხარდაჭერა ან 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა სჭირდება.

ეკა ბესელია იხსენებს "ქართული ოცნების" დეპუტატების უმრავლესობის მიერ მოსამართლეების უვადო გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებით მისი კანონპროექტის ჩაგდებას. მაშინ ამის არგუმენტად სახელდებოდა ის, რომ კანონპროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა. დღეს ბესელია აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესში მხარდაჭერით გამოჩნდება, რამდენად არიან მზად ეს ადამიანები გადაიხედოს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხი.

"იმის ლუსტრირებისთვის, არის თუ არა პარლამენტი მზად, დავიწყოთ ახალ ჩანაწერზე მუშაობა, რომელიც გულისხმობს მოსამართლეთა უვადოდ გამწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას, რაც გარანტიას შექმნის, რომ ვიდრე არ დასრულდება ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმა, ვიდრე არ შეიქმნება გარანტიები იმისა, რომ ქვეყანას ეყოლება ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის საბჭო, იქამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი აღარ დადგება დღის წესრიგში", - თქვა ეკა ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

რაც შეეხება კითხვას მხარდაჭერასთან დაკავშირებით, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ამ მოწვევის პარლამენტი თუ არა, შემდეგი აუცილებლად დაუჭერს მხარს აღნიშნულ ცვლილებებს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები