სკოლების ინსპექტირება

ბატიაშვილი: მზად ვართ არჩევნების დროს სკოლებში ინსპექტირება არ განხორციელდეს

განათლების სამინისტრო

სკოლებში ინსპექტირება მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, ეს მუდმივი პროცესია - ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საიას ანგარიშს, რომლის მიხედვით 2018 წელს საჯარო სკოლებში ჩატარებული ინსპექტირება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ინსპექტირების მექანიზმი საარჩევნო გარემოზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით გამოიყენეს.

განათლების მინისტრი ამბობს, იქიდან გამომდინარე, რომ ამ მიმართულებით კითხვები არსებობს, მან პირადად მიმართა ინიციატივით პარლამენტს, რომ არჩევნების პერიოდში სკოლებში ინსპექტირება არ განხორციელდეს.

"სკოლების ინსპექტირება მიმდინარეობს მთელი წლის განმავლობაში. ეს არის მუდმივი პროცესი, მაგრამ რახან ესეთი ეჭვები, პოლიტიკური ეჭვები, რომ არ არსებობდეს ხოლმე, მე თვითონ პარლამენტში დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა. დეპუტატებმა, პოლიტიკოსებმა იმსჯელონ. ჩვენ მზად ვართ იგივე საარჩევნო პერიოდში თუ კითხვებს აჩენს ხოლმე, რომ მომავალში ესეთი კითხვები არ ჩნდებოდეს, მზად ვართ რომ მათი მხრიდან თუ მოხდება მხარდაჭერა ისეთი ინიციატივა განხორციელდეს, რომ არჩევნების პერიოდში მაგალითად, თუმცა არ მივესალმები იმიტომ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი სკოლა თუ რაღაც დარღვევები ხდება, მაგრამ მზად ვართ, რადგან პოლიტიკური კითხვები ჩნდება, ესეთი არჩევნების დროს მაგალითად არ განხორციელდეს",- ამბობს ბატიაშვილი. 

საიას ინფორმაციით, 2018 წელს, საჯარო სკოლების ინსპექტირების მიზნით, სამინისტროში სულ 288 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც სამინისტრომ მხოლოდ 7 შემთხვევაში ჩაატარა ინსპექტირება.

მათივე თქმით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, მეორე ტურის წინ ჩატარებული 6 ინსპექტირების დაწყების წინაპირობა, იმავე წლის ნოემბერში წარდგენილი განცხადებებია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შეისწავლოს განათლების სამინისტროში ინსპექტირების საარჩევნო მიზნებისთვის შესაძლო გამოყენების ფაქტი.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ია კერზაიას ჯანმრთელობის გაუარესებას წინ განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა. ინსპექცია სკოლაში 9 ნოემბერს შევიდა. განათლების სამინისტროს მტკიცებით, შესწავლა მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყეს და "სხვადასხვა მძიმე სახის დარღვევა" გამოავლინეს,მათ შორის ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობაში, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური კუთხით. უწყება ხაზს უსვამდა, რომ კერზაია სკოლის დირექტორის თანამდებობაზე კვლავ რჩებოდა.

თუმცა სკოლის დირექტორის შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ ეს განათლების სამინისტროში დაგეგმილი და განხორციელებული მკვლელობაა. მისი თქმით, სკოლაში ინსპექციის შესვლამდე დედამისს ქართული ოცნების სასარგებლოდ მუშაობა მრავალჯერ შესთავაზეს, უარის შემდეგ კი სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. ბაჩანა შენგელია დედამისის ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლის ამბებზე ნერვიულობას უკავშირებდა.

24 დეკემბერს, ბაჩანა შენგელიამ ის ანონიმური წერილი გამოაქვეყნა, რომლის საფუძველზეც სკოლაში ინსპექტორი შევიდა. აღნიშნულ საქმეზე შენგელია მთავარ პროკურატურაში 25 დეკემბერს გამოკითხეს. 8 თებერვალს განათლების მინისტრმა თქვა, რომ არ იცის, ვინ არის ია კერზაიას საქმეზე განათლების სამინისტროში შესული წერილის ავტორი. ბატიაშვილის თქმით, მათი ვალდებულებაა წერილში ასახული ფაქტების გადამოწმება და არა წერილის ნამდვილი ავტორის დადგენა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით, გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

კომენტარები