მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა

"კონსტიტუცია არის დახურული თემა" - კობახიძე მოსამართლეების უვადოდ გამწესების ცვლილებაზე

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეხმაურება ეკა ბესელიას ინიციატივას, რომლის მიხედვით მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ კონსტიტუციაში ჩანაწერი უნდა გადაიხედოს. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "კონსტიტუცია არის დახურული თემა".

"კონსტიტუცია არის დახურული თემა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა და ყველა ნაწილში, ჩვენ დავიმსახურეთ ძალიან დადებითი შეფასება ვენეციის კომისიის მხრიდან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლების მომწესრიგებელ რეგულაციებსაც. ყველა ნორმა, რომელიც არის განსაზღვრული კონსტიტუციაში, შემუშავებული იქნა ვენეციის კომისიასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე. ერთადერთი, რაც არ გავიზიარეთ ჩვენ ვენეციის კომისიისგან, იყო პარლამენტის ჩართულობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევაში. ეს არ გავიზიარეთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ძალიან სწორადაც მოვიქეცით, როცა არ გავიზიარეთ. ჩვენ გავითვალისწინეთ არსებული კონტექსტი და სწორედ ამის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პარლამენტმა უნდა თქვას საბოლოო სიტყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების დროს",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით ეკა ბესელიამ აღიარა, რომ მოსამართლეების უვადოდ გამწესების შესახებ მისი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა ჩააგდო, კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

"პოლიტიკური ინტერესი არსებობს, მან აღიარა, რომ კანონპროექტი, რომელიც წარდგენილი ჰქონდა მანამდე, ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციას. ეს აღიარება არის ცალსახა და თვალსაჩინო", - თქვა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნებიდან" წასული ეკა ბესელია მოსამართლეების უვადო გამწესების გაუქმებას ან შეჩერებას ითხოვს. ​დეპუტატს მიაჩნია, რომ შესაბამისი ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში უნდა შევიდეს. მისი თქმით, პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციის დროს გადაწყდება მოსამართლეთა უვადოდ გამწესება საერთოდ უნდა გაუქმდეს თუ დროებით შეჩერდეს. საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის პარლამენტში ინიცირებისთვის საჭირო 76 ხმის და 200 ათასი ადამიანის ხელმოწერების შეგროვებას ბესელია მომავალი კვირიდან იწყებს.

კომენტარები