კალიფორნია

კალიფორნიის გუბერნატორმა სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი სიკვდილით დასჯის დროებით გაუქმებას და ამჟამად სიკვდილმისჯილი 737 პატიმრისათვის სიკვდილით დასჯის გადავადებას გეგმავს.

2006 წლის შემდეგ კალიფორნიაში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. მას შემდეგ სასამართლოში მიმდინარეობდა დავა იმის შესახებ, თუ რა მეთოდი უნდა იყოს გამოყენებული სიკვდილით დასჯისათვის.

გევინ ნიუსომმა გუბერნატორის პოსტი იანვარში დაიკავა. მის ერთ-ერთ მთავარ დაპირებას სწორედ სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი წარმოადგენდა.

"არ მჯერა, რომ ცივილიზებულ საზოგადოებას შეუძლია მიაჩნდეს თავი სამყაროს ლიდერად, სანამ მისი მთავრობა აგრძელებს ხალხის სიკვდილით დასჯას." თქვა მან.

ნიუსომის ბრძანების მიხედვით შეჩერდება ლეტალური ინექციის პროტოკოლი და სან კვენტინის ციხეში სიკვდილით დასჯის პალატა დაიხურება. თუმცა, გუბერნატორს შტატში სიკვდილით დასჯის სრულად გაუქმების უფლება არ აქვს. ამისათვის არჩევნები უნდა ჩატარდეს. 2012 და 2016 წლებში სიკვდილით დასჯის გაუქმებას მოსახლეობის მხოლოდ 48 და 47%-მა დაუჭირა მხარი, რაც გასაუქმებლად საკმარისი არ არის.

ნიუსომის ბრძანება გადავადების შესახებ მის მიერ პოსტის დატოვების შემდეგ ძალას დაკარგავს.

1978 წლის შემდეგ კალიფორნიაში სიკვდილით დასჯა 900-ზე მეტ ადამიანს მიუსაჯეს, თუმცა განაჩენი სისრულეში მხოლოდ 13 შემთხვევაში მოიყვანეს. 79 სიკვდილმისჯილი განაჩენის აღსრულების მოლოდინში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა, ხოლო 26-მა თავი მოიკლა.

სიკვდილით დასჯა აშშ-ის 30 შტატში კვლავ ლეგალურია. 1976 წლის შემდეგ ყველაზე მეტი სიკვდილით დასჯა ტეხასის შტატში მოხდა (560), მას ვირჯინია (113) და ოკლაჰომა (112) მოჰყვებიან. ამჟამად აშშ-ში სიკვდილით დასჯა 2,738 პატიმარს აქვს მისჯილი. მათგან ყველაზე მეტი კალიფორნიის ციხეებშია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები