რუსული ოკუპაცია

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრი: კვარაცხელია ახსნა-განმარტებას წერდა, როცა თავი ჩამოიხრჩო

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის დაურ კოვეს თქმით, 29 წლის ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა. ის პირველ არხთან საუბარში ამბობს, რომ ამის ვიდეოკადრები არსებობს.

"სამწუხაროდ, სუიციდი იყო, ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს დაუშვებელ ადგილას. ის გააჩერეს სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა, მიიყვანეს სასაზღვრო სამსახურში, მაშინ როცა ის შენობაში იმყოფებოდა და ახსნა-განმარტებას წერდა, ჩვენთვის ყველასთვის გაურკვეველ ვითარებაში თავი ჩამოიხრჩო, ამის დამადასტურებელი კადრები არსებობს, ცხედარს დღეს გადმოგცემთ, ცხელი ხაზი ამოქმედებულია" - თქვა დაურ კოვემ პირველ არხთან სატელეფონო საუბარში (საზოგადოებრივი მაუწყებლის თარგმანი).

სუს-ს ცნობით, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზს 12 მარტს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ გალში 1990 წელს დაბადებულმა ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰყავდათ დაკავებული.

"მყისიერად ამოქმედდა ჩვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი და ყველა შესაბამისი უწყება უკვე გახლავთ ჩართული. ვესაუბრე ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, რომელიც არის ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე, დღეს სამივე თანათავმჯდომარე იმყოფება საქართველოში, ხვალ მიემგზავრებიან სოხუმში და ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მათი ვიზიტისას ეს იქნება ერთერთი მთავარი საკითხი. ამ საქმეთან დაკავშირებით აღძრული იქნება სისხლის სამართლის საქმე და გარემოებების დაზუსტების მიხედვით მოხდება საქმის კვალიფიკაცია" - თქვა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები