თბილისის მერია

"სამიზნე ის პროდუქციაა, რომელიც გარემოს აბინძურებს და არა ელიავას ბაზრობა" - რას აპირებს მერია

თბილისის მერია გეგმავს სანქციები დააწესოს მეორადი საბურავების, ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული მანქანებისა და მათი ნაწილების, ასევე, ფეთქებადი და ამტვერებადი ნივთიერებების განთავსებასა და გაყიდვაზე.

ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შედის. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საუბარია მავნე ზემოქმედების გამომწვევი საგნების კონკრეტულ ადგილებში განთავსებაზე. ეს ადგილები კანონის მიღების შემდეგ საკრებულომ უნდა განსაზღვროს.

ჰაერზე, ნიადაგზე, წყალზე ან ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების გამომწვევი ნივთიერებების განთავსება და რეალიზაცია 500-დან 6000 ათას ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. ოდენობა დამოკიდებულია ადგილზე, განმეორებაზე და იმაზე, დამრღვევი იურიდიული პირია თუ ფიზიკური.

გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ჯარიმა იქნება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე დამუშავებაზეც. 200-დან 1000 ლარამდე შეიძლება დაჯარიმდეს ფიზიკური ან იურიდიული პირი მშენებარე კონსტრუქციის ღია სივრცეებში ამტვერებადი მასალის შეფუთვის გარეშე განთავსებისთვის. ჯარიმა გათვალისწინებულია ასეთი ტიპის მასალის ღია სივრცეში დატვირთვა-გადმოტვირთვისთვისა და გადაუხურავი და არასათანადოდ გადახურული ტრანსპორტით გადაზიდვისთვისაც.

მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაისჯება ასევე ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ბეტონის დაღვრა გზის სავალ ნაწილზე.

კანონპროექტის იდეა თბილისის მერიას ეკუთვნის, ხოლო პარლამენტში ინიციატორები საქართველოს გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები არიან. ცვლილებების მიღების შემთხვევაში მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესი თბილისის საკრებულომ მიმდინარე წლის 1 ივლისამდე უნდა განსაზღვროს.

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ინიციატივაზე საუბრისას თქვა, რომ ქალაქში ბევრი ადგილია, რომელიც ამ კუთხით პრობლემას წარმოადგენს და ერთ-ერთი ელიავას ბაზრობაა.

კითხვა, ხომ არ არის აღნიშნული ცვლილებების მიზანი სწორედ ელიავას ბაზრობის აღება, იქედან გამომდინარეც ჩნდება, რომ კალაძეს ამასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია არაერთხელ დაუფიქსირებია. მას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დეტალებზე არ უსაუბრია. სხდომის შემდეგ მედიის კითხვებს ვიცე-მერმა უპასუხა.

ირაკლი ხმალაძე ირწმუნება, რომ კანონპროექტი დაიწერა არა ელიავას ბაზრობის გამო, არამედ იმ მიზეზით, რომ "საშენი მასალებით ხდება გარემოს დაბინძურება".

მისივე განმარტებით, ცვლილებები ელიავას ბაზრობას აუცილებლად შეეხება, რადგან ის არის ერთ-ერთი ადგილი, სადაც "ხდება მოქალაქეების უფლებების შელახვა და ჰაერის დაბინძურება". ხმალაძე ამბობს, რომ კანონი ეხება სხვა ადგილებსაც, "სადაც ხდება საშენი მასალების უსისტემოდ და რეგულაციების გარეშე განთავსება და მათი გაფრქვევა ჰაერში".

"ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზია არის უსისტემოდ და რეგულაციის გარეშე მიმოქცევაში გაშვებული სამშენებლო მასალები. ერთ-ერთი ლოკაცია მათ შორის არის ელიავას ბაზრობაც. ამის დაკავშირება იმასთან, რომ ელიავას ბაზრობა გადაგვაქვს, არასწორია. ელიავას ბაზრობის გადატანა-არ გადატანაზე შეიძლება მსჯელობა, მაგრამ ამაზე პოზიციას დღეს ვერ დავასახელებ. ხოლო საერთოდ არ ექვემდებარება მსჯელობას ის, რომ მიუღებელია როგორც დღეს ხდება სამშენებლო მასალის მიმოქცევა ქალაქის მასშტაბით", - ამბობს ვიცე-მერი.

მისი განმარტებით, ინიციატივით თბილისში ჰაერის დაბინძურების პრევენცია უნდა მოხდეს. ის ხაზს უსვამს, რომ სამიზნე არის არა კონკრეტული ბაზრობა, არამედ ისეთი პროდუქცია და ქმედება, რომელიც გარემოს აბინძურებს. მისივე თქმით, მერია არ ცდილობს რომ "ვიღაცამ რაღაცა ვერ გაყიდოს" და მხოლოდ იმ წესების დადგენა სურს, რომლის მიხედვითაც მოხდება გარემოს ან ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი მასალების განთავსება და ტრანსპორტირება.

"ჩვენი ინიციატივა რა თქმა უნდა შეეხება დიდწილად იმ პროდუქციას, რომლის რეალიზაციაც ხდება ელიავას ბაზრობაზე, მაგრამ დიდი ალბათობით დაადგენს ფორმას, როგორ უნდა მოხდეს ამის რეალიზაცია და ნაკლებად შეზღუდოს მისი რეალიზაცია უშუალოდ ამ ადგილზე. ამ შემთხვევაში ჩვენი იდეა არ არის ეს სავაჭრო ცენტრი გავიტანოთ ქალაქგარეთ.

ქალაქის ცენტრალურ უბნებში არსებობს სავაჭრო ცენტრები, სადაც დახურულ სივრცეში საშენი და სარემონტო მასალებიც იყიდება, მაგრამ არა ისე, როგორც ეს ხდება ელიავას ბაზრობაზე. დღევანდელი თბილისი აღარ არის ელიავას ბაზრობის სტანდარტი, შესაბამისად, უნდა გავაუმჯობესოთ აუცილებლად. რახან ეს აქამდე თვითნებურად არ მოხდა, ამას მერია უზრუნველყოფს და თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის", - დასძინა ხმალაძემ.

ჟურნალისტების კითხვას, საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებამდე ესაუბრა თუ არა მერია მოვაჭრეებს, ვიცე-მერი პასუხობს, რომ ასეთი შეხვედრა არ ყოფილა და თუ მოლაპარაკების საჭიროება იქნება, შეხვდებიან არამარტო ელიავას ბაზრობის, არამედ ყველა იმ ობიექტის წარმომადგენლებს, სადაც ხდება ასეთი პროდუქციის რეალიზება. 

კომენტარები