ქართუ ბანკის საქმე

"ცილისმწამებლური განცხადებების" გამო, ქართუ რუსთავი 2-ს უჩივლებს

domsons.com

ბანკი ქართუ "ცილისმწამებლური განცხადებების" გამო რუსთავი 2-ს უჩივის. "ქართუს" განცხადებით, ბანკის საქმიან რეპუტაციას სასამართლო წარმოების გზით დაიცავს. ბანკი ითხოვს, "ცილისმწამებლური განცხადებების გამავრცელებელი პირების" სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. საქმე ეხება 9 მარტს, შაბათის კურიერში გასულ სიუჟეტს ფულის გათეთრების შესახებ. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატის შოთა შალელაშვილის შვილი ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ამერიკული საბანკო ანგარიშებიდან ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დააკავა. ტელეკომპანიის ცნობით, არსებობს ვარაუდი, რომ მოპარული ფული ქართუში გადამალეს. 

ქართუ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ბანკი კლიენტებთან საქმიან ურთიერთობაში, სრულად ასრულებდა და ასრულებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ვალდებულებებს.

"რუსთავი 2-ის სიუჟეტში მოყვანილ პირთან, გარი შალელაშვილთან დაკავშირებით, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ გარი შალელაშვილი არის საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 2013 წლიდან ბანკში ჰქონდა გახსნილი ანგარიში (გარი შალელაშვილს ანგარიში გახსნილი ჰქონდა საქართველოს სხვა კომერციულ ბანკებშიც). ამასთან, ანგარიშის გახსნის დროს არ არსებობდა ინფორმაცია (არც საჯარო სივრცეში და არც ბანკისთვის ხელმისაწვდომ სპეციალურ საძიებო ბაზებში) გარი შალელაშვილზე, როგორც რაიმე მაქინაციურ გარიგებებში მონაწილე/ბრალდებულ პირზე. გარი შალელაშვილი საქმიანობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რაც კიდევ უფრო აძნელებდა ამ პირის საქმიანობის შესახებ მონაცემების სრულყოფილ შესწავლას.

2014 წლის დეკემბრის თვეში გარი შალელაშვილმა გამოთქვა სურვილი, ბანკის მიერ სხვა პირზე გაცემული კრედიტის ასანაზღაურებლად დასაკუთრებული ერთ-ერთი აქტივის შეძენაზე. ამ აქტივის, როგორც ბანკის არაპროფილური აქტივის, ოპერატიულად გასხვისების ვალდებულება ბანკს გააჩნდა საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციიდან გამომდინარე. მხარეთა შორის შედგა შეთანხმება და ბანკმა აღნიშნული აქტივი გაასხვისა საბაზრო ფასში. დაინტერესების შემთხვევაში ბანკი იმავე ქონების რეალიზაციის გარიგებაში შევიდოდა შეძენით დაინტერესებულ სხვა პირთანაც.

გარი შალელაშვილის მიმართ 2015 წლის 21 ივლისს, ანუ ბანკისგან ზემოაღნიშნული აქტივის დასაკუთრებიდან 6 თვეზე მეტი ვადის გასვლის შემდეგ, მოხდა ბრალის წაყენება სხვადასხვა ფინანსურ დანაშაულში და აღნიშნული ინფორმაცია განთავსდა საჯარო სივრცეში. აღნიშნული ინფორმაცია, საჯაროდ განთავსების შემდგომ, 2015 წლის 4 აგვისტოს, ცნობილი გახდა „ბანკი ქართუსთვის“, რაზეც საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს კანონმდებლობით დადგენილი წესით ვაცნობეთ 2015 წლის 7 აგვისტოს, 2015 წლის 10 აგვისტოს და 2015 წლის 12 აგვისტოს, ინფორმაციის წყაროების და სხვა დეტალების მითითებით.

2015 წლის 12 აგვისტოს ბანკმა ასევე განცხადებით მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიაწოდა  ინფორმაცია შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით. სწორედ პროკურატურაში „ბანკი ქართუს“ განცხადების შეტანის შემდეგ, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, 2015 წლის აგვისტოს თვეში განხორციელდა საგამოძიებო მოქმედებები, დოკუმენტაციისა და ინფორმაციების ბანკიდან ამოღება და გამოძიების პროცესში გამოკვეთილი პირების ანგარიშების დაყადაღება.

ბანკის კანონშესაბამისი, თანმიმდევრული და დროული მოქმედებებით გახდა შესაძლებელი ფინანსური მაქინაციებში შესაძლო მონაწილე პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად ჩატარება, რაც გამორიცხავს ფულის გათეთრებაში ბანკის რაიმე ფორმით მონაწილეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის სისწორეს.

„ბანკი ქართუ“ მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ ბანკის რეპუტაციის შემლახავი, გადაუმოწმებელი და სინამდვილესთან შეუსაბამო ფაქტების გავრცელებისგან. მსგავსი ცრუ ბრალდებები დიდ ზიანს აყენებს ბანკის რეპუტაციას და პარტნიორ ორგანიზაციებთან მის ურთიერთობას" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები