სამხედრო სავალდებულო სამსახური

ჯარიდან მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები გათავისუფლდებიან - სესიაშვილის ინიციატივა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირები უნდა თავისუფლდებოდნენ.

ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდეს ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ დეპუტატები ამ აზრს მხარს დაუჭერენ, სამხედრო სამსახურის შესახებ კანონიდან ეს უფლება მთლიანად ამოვარდება. ამის მიუხედევად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები კვლავ შეძლებენ სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებას. საქმე იმაშია, რომ მათ ამის უფლებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმება, იგივე კონკორდატი აძლევს.

არსებული კანონმდებლობით, გადავადების გამოყენება ყველა რელიგიის მღვდელმსახურს შეუძლია. ეს ეხება ახლად დარეგისტრირებულ რელიგიებსაც, როგორიცაა, მაგალითად, გირჩის "ბიბლიური თავისუფლება". მას შემდეგ, რაც კანონიდან ეს ნორმა ამოვარდება, სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება აღარ ექნებათ არც ბიბლიური თავისუფლების, არც ისლამის, არც კათოლიკე ეკლესიის და სხვა რელიგიის წარმომადგენლებს. ეს უფლება ამ ცვლილებებით ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, რეალურად, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება აქვს.

კონკორდატის მე-4 მუხლის მიხედვით "სასულიერო პირი თავისუფლდება სამხედრო ვალდებულებისაგან". ამავე დოკუმენტის მიხედვით, სასულიერო პირი არის "მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური წესით ხელდასხმული (ნაკურთხი) პიროვნება (მონოზონი, დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი), რომელიც ამ მადლს ინარჩუნებს, თუ არ მოხდა მისი განკვეთა ეპისკოპოსის ან წმიდა სინოდის დადგენილებით".

ამავდროულად, ირაკლი სესიაშვილი ყველას უტოვებს უფლებას და ვალდებულებას, თუ სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების გამო არ სურთ სამხედრო სავალდებულო სამსახური, ამის ნაცვლად გაიარონ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური.

ტაბულას კითხვას, რამდენად აყენებს თანასწორ მდგომარეობაში მისი ინიციატივა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, სესიაშვილი პირდაპირ არ პასუხობს. ის ამბობს, რომ ყველას ექნება საშუალება თუ რელიგიური მოტივით არ სურს სამხედრო სამსახური, ალტერნატიულ სამსახურში მოიხადოს ვალი.

ამასთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გირჩს კორუფციაში ადანაშაულებს.

"არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც არის ჩვეულებრივი კორუფციის წყარო, გირჩზე გეუბნებით მაგალითად. 6500 ადამიანი, თვითონ ამბობენ 12 ათასი ადამიანიო... თოთო ცნობაში რამდენს ახდევინებენ იცით? 20-დან 100 ლარამდე. არ გაინტერესებთ ეს თემა? კორუფცია არის თუ არა გაინტერესებთ? ეს ორგანიზაცია მდიდრდება და არაკეთილსინდისიერად ავალებს წვევამდელებს უარი თქვან კონსტიტუციურ მოვალეობაზე. მოგწონთ ეს?", - უთხრა სესიაშვილმა ტაბულას.

კითხვას, კანონში ცვლილება დაიგეგმა თუ არა გირჩის გამო, ის პასუხობს, რომ "არა მარტო". მისი თქმით, შეიქმნა სხვა ორგანიზაციებიც, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს.

"დღეს ვითარებაა ისეთი, რომ ფაქტობრივად წვევამდელი აღარ არის, რომელიც გაწვევას ექვემდებარება, იმდენად, რამდენადაც სარგებლობს ამ რელიგიური ორგანიზაციების ცნობებით", - თქვა სესიაშვილმა.

ტაბულას კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება შესაძლებელია ბიუჯეტში ფულის გადახდითაც, ირაკლი სესიაშვილი პასუხობს:

"სახელმწიფო ოფიციალური ორგანოა და კანონში უწერია, რომ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეუძლია წვევამდელს გადაიხადოს 2000 ლარი".

გარდა ამისა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ვკითხეთ აზრი იმაზე, რომ ბევრი განვითარებული ქვეყანა საკონტრაქტო არმიას ანიჭებს უპირატესობას და ამ იდეას მომხრეები ჰყავს საქართველოშიც. ირაკლი სესიაშვილის თქმით, ასეთი ქვეყნების ნაწილი უკვე აბრუნებს სავალდებულო სამსახურს.

"ლატვიის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა პირდაპირ მითხრა - ჩვენ ეს შეცდომა დავუშვით და გთხოვთ, არ გაიმეოროთ", - დასძინა სესიაშვილმა.

----

ირაკლი სესიაშვილის კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებული ჯერ არ არის. სავარაუდოდ, ის ბიუროს მომავალ სხდომაზე დარეგისტრირდება. ინიციატივა კიდევ ერთ ცვლილებას ითვალისწინებს - თუ სტუდენტები გამოთქვამენ სურვილს სწავლის პარალელურად მოიხადონ სამხედრო სავალდებულო სამსახური საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტში, ყოველთვიურად მიიღებენ 200 ლარს, ისარგებლებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი შეღავათებით და სამხედრო სავალდებულო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ.

კომენტარები