აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2018

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წელს ადამიანის უფლებათა ანგარიში გამოაქვეყნა

0 კომენტარი
მაიკ პომპეო ფოტო: USStateDepartment

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გასული წელს მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ წარადგინა.

სხვა ქვეყნებთან ერთად ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რუსეთში, ირანსა და ჩინეთში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით რუსეთის ხელისუფლება ჩართულია ადამიანის უფლებათა დარღვევებში არამარტო რუსეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ამის მაგალითად მოყვანიალია სიტუაცია ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთ უკრაინაში.

უკრაინის შემთხვევაში ანგარიშში საუბარია აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში სამოქალაქო მსხვერპლზე, გაუჩინარებებზე და წამების ფაქტებზე. ანგარიშში უკრაინის მთავრობა გაკრიტიკებულია იმის გამოც, რომ სათანადოდ არ დასჯილან კრიმინალურ საქმიანობაში დადანაშაულებული ოფიციალური პირები და სათანადოდ არ გამოძიებულა უშიშროების ძალების მხრიდან ადამიანის უფლებათა დარღვევები.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ლგბტ თემი წარმომადგენლების მკვლელობები ჩეჩნეთში, გაუჩინარებები და უკანონო თავისუფლების აღკვეთა. ასევე საუბარია მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

ირანის შემთხვევაში აღნიშნულია სიკვდილით დასჯის შემთხვევები ისეთი დანაშაულისათვის, რაც საერთაშორისო სტანდარტებით სერიოზულ სამართალდარღვევად არ მიიჩნევა. ამასთანავე ნახსენებია სახელმწიფოს აგენტების მიერ ადამიანების მკვლელობა, გატაცება და წამება. ანგარიშის მიხედვით ირანის ციხეებში ასობით პოლიტპატიმარია, ხოლო მედია და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდულია, ისევე, როგორც ინტერნეტზე წვდომა.

"გასულ წელს მთავრობამ 20-ზე მეტი ადამიანი მოკლა და ათასობით უსამართლოდ დააკავა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ უფლებებს ითხოვდნენ. მთავრობამ მედიას დემონსტრაციების გაშუქება აუკრძალა. ეს იმ სისასტიკის გაგრძელებაა, რაშიც რეჟიმი ბოლო 4 ათწლეულის მანძილზე აცხოვრებს ირანის მოსახლეობას." თქვა პომპეომ.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ირანი მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დარღვევებში სირიაში, ერაყსა და იემენში.

წამება, დაკავება, მკვლელობები, მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ანგარიშის მიხედვით ავღანეთსა და პაკისტანშიც ხდება, სადაც ხშირია რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაცია და ჟურნალისტებზე თავდასხმები.

ანგარიშში საუბარია წამებაზე ბელარუსშიც, ციხეებში ცუდ პირობებზე, მოქალაქეების პირად ცხოვრებაში უკანონოდ ჩარევაზე და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე.

წამების, თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, პოლიტიკური ნიშნით დაკავების, მედიის შეზღუდვის, თავისუფალი არჩევნების არარსებობის, რელიგიური, შეკრების და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის და კორუფციის გამო გაკრიტიკებულია თურქმენეთი და უზბეკეთიც.

ანგარიშის მიხედვით ვენესუელაში 2018 წლის მაისში ჩატარებული არჩევნები სერიოზული დარღვევებით წარიმართა. გარდა ამისა საუბარია მკვლელობებზე, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე, კორუფციასა და ტრეფიკინგზე.

პომპეომ ისაუბრა ნიკარაგუაზეც, სადაც მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნეს.

ჩინეთის შემთხვევაში ანგარიშში გამოყოფილია სინძიანის პროვინციაში ეთნიკური უიღურების საკითხი, მათი მასობრივი დაკავება და სპეციალურ ცენტრებში გადაყვანა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ მსგავს ცენრებში 800,000-დან 2 მილიონამდე ადამიანია დაკავებული.

გარდა ამისა საუბარია თავდასხმებზე, ჟურნალისტების გასამართლებაზე, რელიგიური თავისუფლების შეზღუდვაზე და გამოხატვის, გადაადგილების, შეკრების და რელიგიის თავისუფლების შეზღუდვაზე ტიბეტში.

"როდესაც საქმე ადამიანის უფლებათა დარღვევებს ეხება, ჩინეთი ცალკე ლიგაშია." თქვა მაიკ პომპეომ.

საქართველოს შემთხვევაში ნახსენებია საარჩევნო დარღვევები, კორუფცია, ლგბტ თემის წარმომადგენლების უფლებების დარღვევები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

GAME OF THRONES-ის მერვე სეზონის მეხუთე სერიის თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)

კომენტარები