სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

სახ. დეპ.- ის ანგარიში მედიაზე: პლურალიზმის პრობლემა, იბერიის დახურვა და სხვა საკითხები

0 კომენტარი

მედია პლურალიზმის შემცირება, მთავრობის მიერ ოპოზიციური არხების პოლიტიკური განწყობის კრიტიკა, ძალადობა ჟურნალისტებზე - ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში მედიის ამ და სხვა პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

დოკუმენტში წერია, რომ გასულ წელს ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო საზოგადოება მედიაპლურალიზმთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავდნენ.

"დამოუკიდებელი მედია ძალიან აქტიური იყო და ფართო სპექტრის შეხედულებებს გამოხატავდა. 17 ოქტომბერს დამოუკიდებელმა ტელევიზია იბერიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. ტელევიზიის მფლობელმა თქვა, რომ მათი ფინანსური პრობლემები მთავრობის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. იბერიის დახურვამ და 2017 წელს სამი ტელევიზიის გაერთიანებამ შეამცირა მედია პლურალიზმი და გაზარდა მმართველი პარტიის მხარდამჭერი მედიების კონცენტრაცია. არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ ახლო ურთიერთობას მმართველ პარტიასა და საზოგადოებრივი მაუწყებლის და ეროვნული კომუნიკაციების კომისიის დირექტორებს შორის, დამკვირვებლები საუბრობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებაზე", - ვკითხულობთ ანგარიშში.

აღნიშნულია ისიც, რომ პარლამენტმა 21 თებერვალს დაძლია ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილი ვეტო საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს საშუალებას აძლევს მიიღოს დამატებითი შემოსავალი რეკლამიდან, რაც მის რესტრუქტურიზაციის პროცესს კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ შეშფოთებას იწვევს ოპოზიციური მედიის პოლიტიკური განწყობების კრიტიკა და მთავრობის ჩარევა:

"ზოგიერთი მედია, მონიტორინგის ჯგუფები და არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ გამოხატავენ შეშფოთებას მედია პლურალიზმისა და მედიაზე პოლიტიკური გავლენების შესახებ, განსაკუთრებით მთავრობისადმი კრიტიკული მედიების მიმართ. ზოგიერთი მედიის შემთხვევაში, შეშფოთებას იწვევს მთავრობის ჩარევა და ამ მედიის ოპოზიციური განწყობების კრიტიკა, განსაკუთრებით ეს ეხება ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიას რუსთავი 2-ს".

ანგარიშში გამოყოფილია რუსთავი 2-ის მფლობელობის შესახებ საქმე და ანგარიშების გაყინვის შედეგად გამოწვეული ფინანსური პრობლემები.

ასევე საუბარია ჟურნალისტების მიმართ ძალადობაზე. აღნიშნულია სამი მსგავსი შემთხვევა, მათ შორის მარტში ქართული მარშის მიერ რუსთავი 2-ის ჟურნალისტის მანქანის დაზიანება და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე თავსდასხმა.

დოკუმენტში წერია, რომ ოკუპირებულ რეგიონებში მედიის თავისუფლება კვლავ იზღუდება დე-ფაქტო მთავრობების მიერ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები