სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2018

რა წერია საქართველოში კორუფციის შესახებ სახ. დეპარტამენტის ანგარიშში

ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საქართველოში კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც მიმოიხილავს. სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაციებს ეყრდნობა და წერს, რომ სამართალდამცველ სტრუქტურებს დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ, რაც მაღალი დონის კორუფციის ხელშემწყობია. ანგარიშში ასევე განხილულია გასულ წელს გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებში გამოთქმული ბრალდებები კორუფციასთან და ძალადობასთან დაკავშირებით.

"აღნიშნავენ რა, რომ მცირე ქრთამის შემთხვევები იშვიათია, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" კორუფციას ქვეყანაში კვლავ "სერიოზულ პრობლემად" მიიჩნევს," - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი. 

ანგარიშში იხსენებენ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებსაც, სადაც მირზა სუბელიანი და ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებენ.

"გავრცელდა რამდენიმე აუდიოჩანაწერი, რომლებიც იმჟამინდელი და ყოფილი ჩინოვნიკების სავარაუდო კორუფციაში, წამებასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ჩართულობაზე მიუთითებდა. ზოგიერთმა აქტორმა მათი ავთენტიკურობა ეჭვქვეშ დააყენა. ერთ-ერთ ჩანაწერში ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი საკუთარ თავს მთავრობის მთავარ "მომრიგებლად" მოიხსენიებდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში. ასევე, ამბობდა, რომ მოწმეებისაგან ჩვენების მისაღებად ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა და მსგავსი მეთოდებისთვის სხვა დროსაც მიუმართავს.

კიდევ ერთ ჩანაწერში კი ომეგა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომლის კონგლომერატშიც შედიოდა ტელევიზია იბერია, ამბობდა, რომ იმჟამინდელი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები მისგან ქრთამს ითხოვდნენ და ძალადობრივ რეკეტს ახორციელებდნენ, მათ შორის, ყოფილ მინისტრს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დეკემბერში ამ საქმეების გამოძიება კვლავ გრძელდებოდა," - ვკითხულობთ ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ ნოემბრის მონაცემებით, 14 მაშინდელი და ყოფილი საჯარო მოხელე ქრთამის აღებაში იყო დადანაშაულებული, კიდევ 79 კი თანხების გაფლანგვასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. ხოლო ივლისში მაღალი დონის კორუფციულ საქმესთან დაკავშირებთ ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრები დაკითხეს.

"ზოგიერთ დამკვირვებელს ეს საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულად მიაჩნდა,"- აღნიშნავს სახელმწიფო დეპარტამენტი.

კომენტარები