სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში

სახ. დეპ.: პოლიტიკურ ძალადობაზე პასუხისმგებლობის დადგენა პრობლემად დარჩა

„პოლიტიკურ ძალადობაზე პასუხისმგებლობის დადგენა პრობლემად დარჩა“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში საქართველოში არჩევნების პერიოდში ოპოზიციის წარმომადგენლებზე თავდასხმებს ეხმაურება.

ანგარიშში გამოყოფილია ახალქალაქის ინციდენტი, როდესაც ოპოზიციის კანდიდატის შტაბის წევრებს თავს დაესხნენ და სცემეს:

"პოლიტიკურ ძალადობაზე პასუხისმგებლობის დადგენა პრობლემად დარჩა. მათ შორისაა თავდასხმები ოპოზიციის წარმომადგენლებზე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ. ნოემბერში შსს-მ განაცხადა, რომ ძალადობრივი დანაშაულისთვის პასუხისგებაში 22 ადამიანი მისცა. ერთერთ ასეთ ინციდენტში, რომელიც ახალქალაქში მოხდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხ აქტივისტს სცემეს ისე, რომ რამდენიმე დღით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ. შსს-მ ძალადობისთვის პასუხისგებაში მისცა ქართული ოცნების ხუთი აქტივისტი. ზოგიერთ სხვა შემთხვევაში, სამინისტრომ უარყო ოპოზიციის მტკიცებები, რომ თავდასხმები არჩევნებს უკავშირდებოდა", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიში ასევე ეყრდნობა NDI-ის, რომელიც აღნიშნავს, რომ "ამ არჩევნებს ყველაზე მეტად გამოარჩევდა მაღალჩინოსნების აგრესიული, პერსონალური და უპრეცედენტო თავდასხმები არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ ლიდერებზე არჩევნების წინა დღეებსა და კვირებში“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა მარნეულის მერის საქმეც, რომელსაც გამოძიება ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება.

სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშის ამავე ნაწილში პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას აფასებს - აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკურ ქართველებს აიძულებენ, მიიღონ "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის პასპორტი", იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღება შეძლონ.

კომენტარები