კანონი მიწის საკუთრების შესახებ

დანელია: სულით ხორცამდე ქართველები მიწის მემკვიდრეობით მიღებას შეძლებენ

ოთარ დანელია
სოფლის მეურნეობის სამინისტრო

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას თქმით, ორგანული კანონის პროექტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ უზრუნველყოფს, რომ “ეთნიკურად, სულით ხორცამდე ქართველებმა” მემკვიდრეობით შეძლონ ქართველი მშობლებისგან მიწის მიღება. ამის შესახებ მან 13 მარტს ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

“მემკვიდრეობაში ვგულისხმობ, რომ როდესაც მშობელი ცხოვრობს საქართველოში, მისი შვილი, ქართველი, პირობითად, წავიდა გერმანიაში და მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, მას დარჩეს უფლება, რომ საქართველოში დაბრუნდეს და დაეუფლოს მისი ოჯახის მიწის ნაკვეთს. იმიტომ, რომ ეს ადამიანი, მიუხედავად მისი ტექნიკური მოქალაქეობისა, არის ქართველი, ეთნიკურად ქართველი, სულით ხორცამდე ქართველი, ქართველების შვილი და ჰყავს ქართული ოჯახი.”

კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში, თუ მიიღო მემკვიდრეობით.

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ახალი შესწორებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისების დაშვება ორგანული კანონის მიღებით შეიძლება.

გასულ კვირას ოთარ დანელიამ აღიარა, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა. დანელიას თქმით, “დაახლოებით, 1 500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც დაახლოებით, 200 000 000-ით ნაკლებით შეიტანა სოფლის მეურნეობაში.”

ქართულმა ოცნებამ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ორჯერ მიიღო 2013 და 2017 წლებში. მორატორიუმი უცხოელებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას უკრძალავდა. გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო.

თავად დანელია მორატორიუმს ლობირებდა და თქვა, რომ დეპუტატი რომ არ ყოფილიყო, “ქართული მარშის” აქციასაც შეურთდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით.

კომენტარები