კიბერშეტევა TBC ბანკზე - გახარიასთვის გაგზავნილი წერილები გასაჯაროვდა

Eurus.Ge

ტვ. პირველის გადაცემა "ღამის ამბები" ავრცელებს წერილებს, რომლებიც, მათი ინფორმაციით, TBC ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუგზავნა.

წერილები 2018 წლის ზაფხულში TBC ბანკზე განხორციელებულ კიბერშეტევას ეხება. 

როგორც წერილებიდან ჩანს, ბანკზე კიბერშეტევის მცდელობა 2018 წლის 16 ივლისს მოხდა. პირველი წერილი შს სამინიტროს 17 ივლისს გაუგზავნეს. ერთი თვის შემდეგ ბანკმა დაადგინა, რომ შეტევა რუსთაველის ნომერ 12-ში მდებარე ყოფილი კავშირგაბმულობის სამინისტროს შენობიდან მოხდა და ინფორმაცია შს სამინისტროს მაშინვე აცნობა. 

ერთი წერილის ავტორი, TBC ბანკის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ეკატერინე ეგუტიაა, ხოლო დანარჩენი სამის თავად მამუკა ხაზარაძე. 

პირველი წერილი დავირუსებულ შეტყობინებების მიღებას ეხება.

მეორე წერილი მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. ის შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას წერს, რომ "მავნე სერვერი" მდებარეობს თბილისში, რუსთაველის 12-ში.

"ვიმედოვნებ, საკითხს აიყვანთ პირად კონტროლზე, რაც იქნება დროულად და ეფექტურად წარმართვის წინაპირობა",- წერს ხაზარაძე შს მინისტს.

მესამე წერილში, მამუკა ხაზარაძე გახარიას წერს, რომ შეტყობინებიდან 2 თვე გავიდა, თუმცა გამოძიება უშედეგოდ მიმდინარეობს. "მოგახსენებთ რა ზემოაღნიშნულს, გთხოვთ თქვენი უფლებამისილების ფარგლებში თქვენს პირად ჩართულობას, რათა გააქტიურდეს გამოძიება და შესაბამისი ოპერატიული ქმედებები,"-წერს მამუკა ხაზარაძე

მეოთხე წერილში, ხაზარაძე შს მინისტრს კვლავ ატყობინებს, რომ გამოძიებას პროგრესი არ აქვს.

4 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას, TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ბანკზე კიბერ შეტევა 2018 წლის ივლისში განხორციელდა და ამის შესახებ გიორგი გახარიას პირადად მისწერა. თუმცა, გამოძიების შედეგი არ იცის.

"2018 წლის ივნისში 4 უწყების შემოსვლას TBC ბანკში საეჭვოდ დაემთხვა კიბერშეტევა",- თქვა ხაზარაძემ.

წერილში ნახსენები რუსთაველის 12 ნომერში მდებარე ოფისი კი ქართული ოცნების მედიასთან ურთიერთობის მენეჯერს, კოკა ყანდიაშვილს, აქვს ნაქირავები. 

კომენტარები