უფასო მედიკამენტების პრობლემა

ჭიაბერაშვილი: უფასო მედიკამენტების პროგრამა მრავალი მოქალაქისთვის კვლავ მიუწვდომელია

IPN

ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, მაშინ, როცა მოქალაქეებს ყოველდღიურად უწევთ გაძვირებული მედიკამენტების ყიდვა, მათ არ აინტერესებთ, ქაღალდზე როგორ შესრულდა ბიუჯეტი.

ევროპული საქართველოს წევრი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ 2018 წელს ე.წ უფასო მედიკამენტების (ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის) პროგრამაზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. 

ჭიაბერაშვილის თქმით, მოქალაქეებამდე მხოლოდ 1,7 მილიონი ლარის წამალი მივიდა და ამას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული სტატისტიკა აჩვენებს. 

მისივე განცხადებით, სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია მედიკამენტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების, ასევე შეძენილი წამლის მარაგის ხარჯვის შესახებ.

"თუ წამალი 2018 წელს შეიძინეს, დაასაწყობეს და 2019 წელს ხარჯავენ, ეს ცალკე განმარტებას მოითხოვს. მით უმეტეს, რომ მედიკამენტების პროგრამის 2019 წლის ბიუჯეტის ათვისებაც ძალიან დაბალია”, - აცხადებს ჭიაბერაშვილი.

"2018 წელს პროგრამის გაფართოებამ ყველა პენსიონერზე მნიშვნელოვნად ვერ გაზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც წამალი დაუფინანსდა. 2017 წელს პროგრამით 13 000-მა მოქალაქემ ისარგებლა, 2018 წელს - 22 000-მა მოქალაქემ.

არადა პროგრამის ამოქმედებამდე ჯანადაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას პირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა.

საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველი ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა ჯერ ისევ მიუწვდომელია ათიათასობით მოქალაქისთვის, რომელიც პროგრამის დაწყებას იმედით ელოდა", - თქვა ჭიაბერაშვილი.

მისი თქმით, გამოსავალია მედიკამენტის კომპონენტის დამატება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე, ოღონდ ამისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დიზაინი უნდა შეიცვალოს და მოხდეს მისი სწორი ადმინისტრირება. ასეთ შემთხვევაში ათიათასობით გაჭირვებული მოქალაქეს გაეზრდება წამლებზე ხელმისაწვდომობა. 

კომენტარები