რუსული ოკუპაცია

"არის თოკის ჩანაჭდევი"- გალში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა

გალის რაიონში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.

როგორც ექსპერტი, ირაკლი თოიძე ამბობს, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება. მისივე თქმით, შინაგანი ორგანოები ცხედრიდან ამოღებული, შემდეგ კი უკან ჩაბრუნებული იყო.

"არის თოკის ჩანჭდევი. მეტი დაზიანებები პრაქტიკულად არ არის და გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. მართალია, გვამი უკვე ლპობაშია, მაგრამ დადგინდება, დასკვნა დაიწერება. შინაგანი ორგანოები იყო შიგნით ჩაბრუნებული და ავიღეთ ლაბორატორიული გამოკვლევებისთვის. დაზიანებები იყო ყელზე, უმნიშვნელო ნაჭდევები, რომელიც სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული ლაბორატორიული კვლევა დაადგენს",- ამბობს ექსპერტი. 

ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ 12 მარტს გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული. სუს-ი ამ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებდა.

კომენტარები