თემურ აბაზოვი

თემურ აბაზოვი მარნეულის მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობის განაცდურის აღებას ითხოვს

მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი მერიისგან განაცდური ხელფასის აღებას ითხოვს, რომელიც 32 000 ლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. 

ის ჯგუფურად ჩადენილი არაადამიანური მოპყრობასა და პირადი ინფორმაციის ხელყოფისთვის 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. 

აღნიშნული ინფორმაცია ტაბულას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, შესაბამისი განცხადება საკრებულომ გუშინ, 13 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღო.

"განცხადება განსახილველად მერიას გადაეგზავნა. შესაბამისი სამსახურები, იურიდიული სამსახური, საფინანსო სამსახური შეისწავლის და კანონის ჩარჩოებში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს",- ამბობს ტაბატაძე. 

შეგახსენებთ, რომ მარნეულის მერი 13 ივნისს დააკავეს. მას 5-დან 10-წლამდე პატიმრობა ემუქრება. თემურ აბაზოვს გამოძიება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჯგუფურად დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავებოდა. პროკურორ ჯარჯი წიკლაურის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ელჩინ ალახვერდიევმა სოციალურ ქსელში სიტყვიერად შეურაცხყო თემურ აბაზოვის ცოლი, მარნეულის მერმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და "მუქარით აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით მოებანა სახე." 

პროკურატურის ინფორმაციითვე, ინციდენტში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან აზერ სულეიმანოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი პარტია ქართული ოცნებიდან რამინ ალახვერდიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ნათესავი ე.გ და სხვა პირები.

ცნობისთვის, 12 ივნისს, სტუდია მონიტორმა გაავრცელა ვიდეო, რომლის მიხედვით, მარნეულში მცხოვრები მოქალაქე, რომელმაც ზაზა სარალიძის მხარდამჭერ აქციაზე ბიძინა ივანიშვილის და მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის მისამართით შეიგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გინების შემდეგ, რამდენიმე დღეში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის ბოდიშს იხდის და სახეზე, სავარაუდოდ, შარდს ისვამს. სხვა ადამიანი, ვისაც კამერა უჭირავს, მას ეუბნება: "შენ ღირსება არ გაქვს". 

გავრცელებულ ვიდეოში მოქალაქე ამბობს: 

"დიდ ბოდიშს ვუხდი ყველას. დიდი მძღ...ი ვჭამე ჩემდაუნებურად. [კარნახობენ: თქვი 41, თქვი 41] 41. ვისაც ვაწყენინე 41-დან, მომ...ნ პირში. დიდ ბოდიშს ვიხდი, დიდი მძ...ი რომ ვჭამე".

სტუდია მონიტორთან ინტერვიუში მარნეულის მერმა, თემურ აბაზოვმა უარყო, რომ მან მოქალაქეზე რამე ტიპის ზეწოლა მოახდინა.

თუმცა, 13 დეკემბერს თემურ აბაზოვს აღკვეთისღონისძიების სახე შეეცვალა და პატიმრობის ნაცვლად 10 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. ის პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 

აღსანიშნავია, რომ თემურ აბაზოვის დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გადახედვას და აბაზოვისთვის 40 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას 26 ივლისსაც ითხოვდა, თუმცა​ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის მერი პატიმრობაში დატოვა.

კომენტარები