აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში 2018

სახ. დეპ.: პატიმრებში ძალადობა, კრიმინალური სუბკულტურა და გავლენები სისტემური პრობლემაა

ადამიანის უფლებების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს პენიტენციურ სისტემაზეცაა საუბარი.

ანგარიშში წერია, რომ ციხეებში მდგომარეობა მთლიანობაში გაუმჯობესდა, თუმცა პატიმრებს შორის ურთიერთძალადობა, კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური გავლენები მუდმივ, სისტემურ პრობლემად რჩება.

"მაშინ, როდესაც ციხეებსა და წინასწარი დაკავების იზოლატორებში მდგომარეობა მთლიანობაში გაუმჯობესდა, ზოგიერთ ძველ დაწესებულებაში ის არაადამიანურია - არ არის საკმარისი ვენტილაცია, დღის შუქი, საკმარისი ფართი და ადეკვატური ჯანდაცვა. 

პატიმრებს შორის ურთიერთძალადობა, კრიმინალური სუბკულტურა და არაფორმალური გავლენები მუდმივ, სისტემურ პრობლემად რჩება,"- წერია ანგარიშში. 

ანგარიშში ასევე მითითებულია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშზე, სადაც წერია, რომ ციხეების გადატვირთულობის გამო წინასწარ პატიმრობაში მყოფი და მსჯავრდებული პატიმრები ზოგიერთ შემთხვევაში ერთად ჰყავთ ციხეში.

"მაშინ, როდესაც კანონი სამართალდამცავებს ავალდებულებს, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი და მსჯავრდებული პატიმრები ცალცალკე ჰყავდეთ, სახალხო დამცველის ოფისის ანგარიშში წერია, რომ გადატვირთული ციხეების გამო წინასწარ პატიმრობაში მყოფი პირები და მსჯავრდებულები რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ერთად ჰყავთ, განსაკუთრებით გლდანის მე-8 და კუთაისის მე-2 საპყრობილეში,"- წერია ანგარიშში. 

კომენტარები