მიწის შესახებ კანონი

არა ფობიას: მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი საგანგაშო და დისკრიმინაციულია

0 კომენტარი
ოთარ დანელია ფოტო: საქართველოს პარლამენტი

"არა ფობიას" პარლამენტში აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას წარდგენილ კანონპროექტს და მის განცხადებებს "საგანგაშოს" და "დისკრიმინაციულს" უწოდებს. საქმე ეხება მიწის საკუთრების შესახებ ოთარ დანელიას ინიციატივას, 

"მიწის საკუთრების შესახებ კანონპროექტი შეიცავს დისკრიმინაციულ დებულებებს, რომელსაც ქსენოფობიური მოტივები უდევს საფუძვლად. კერძოდ კანონპროექტით გათვალისწინებულია უცხოელების მიერ მიწის ფლობის მხოლოდ ძალიან ვიწრო შემთხვევათა წრე (ფიზიკური პირის შემთხვევაში მხოლოდ მემკვიდრეობით გადაცემა, იურიდიული პირის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, როდესაც უცხოელები არ წარმოადგენენ დომინანტ პარტნიორებს), რომელსაც თან ახლავს კონკრეტული ვალდებულებები მიწის დანიშნულებისამებრ გამოყენებასთან დაკავშირებით. მათი შეუსრულებლობა კი იწვევს სანქციების დაკისრებას და საკუთრების უფლების დაკარგვას" - აცხადებს "არა ფობიას" და აღნიშნავს, რომ ამგვარი ვალდებულებები და შესაბამისი პასუხისმგებლობა მხოლოდ უცხოელებთან მიმართებით არსებობს.

NGO-ები აღნიშნავენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით დისკრიმინაციული განცხადება გააკეთა მისმა ავტორმა, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ, ოთარ დანელიამ.

"მან კანონპროექტით გათვალისწინებული გამონაკლისი - უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების მიერ მიწის მემკვიდრეობის გზით მიღების შემთხვევები კიდევ უფრო მეტად დაავიწროვა და განაცხადა, რომ აღნიშნული გამონაკლისი მხოლოდ ეთნიკურად ქართველებს ეხებათ. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ეთნონაციონალური მოტივებით არის ნაკარნახევი და ამავდროულად ეწინააღმდეგება თანამედროვე დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს, რომელიც არ ადგენს პრივილიგირებულ, იერარქიულ დამოკიდებულებას უცხო ქვეყნისა და ამავე ქვეყნის მოქალაქეებს შორის" - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა მათ ტერიტორიაზე.

არა ფობიას განსაკუთრებით შემაშფოთებლად მიაჩნია ის ფაქტი, რომ კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეობის ფაქტს უკავშირებს კონკრეტულ ეთნოსს - ქართველობას.

"ამით ფაქტობრივად დემონსტრირებას ახდენს საზოგადოებაში ღრმადგამჯდარი იმ სტეროტიპისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში სრულფასოვან მოქალაქეებად მხოლოდ ეთნიკურად ქართველები განიხილებიან" - აცხადებს არა ფობიას, რომლის წევრი ორგანიზაციებიც არიან - საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), მედიის განვითარების ფონდი (MDF), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს უცხოელის საკუთრებაში, თუ მიიღო მემკვიდრეობით. თუმცა, კანონპროექტის ავტორმა ოთარ დანელიამ განაცხადა, რომ "მემკვიდრეობით მიწის მიღებას მხოლოდ ეთნიკურად ქართველი უცხოეთის მოქალაქეები შეძლებენ".

შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ახალი შესწორებების თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. გამონაკლისების დაშვება ორგანული კანონის მიღებით შეიძლება.

გასულ კვირას ოთარ დანელიამ აღიარა, რომ მიწის მორატორიუმმა სოფლის მეურნეობაში ინვესტიციები მნიშვნელოვნად შეაფერხა. დანელიას თქმით, “დაახლოებით, 1 500 ტრანზაქცია ვერ შესრულდა, რამაც დაახლოებით, 200 000 000-ით ნაკლებით შეიტანა სოფლის მეურნეობაში.”

ქართულმა ოცნებამ სასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი ორჯერ მიიღო 2013 და 2017 წლებში. მორატორიუმი უცხოელებს საქართველოს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენას უკრძალავდა. გასული წლის ბოლოს, საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი არაკონსტიტუციურად სცნო.

თავად დანელია მორატორიუმს ლობირებდა. მისი თქმით, დეპუტატი რომ არ ყოფილიყო, “ქართული მარშის” აქციასაც შეურთდებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვის აკრძალვის მოთხოვნით.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს კახეთის ინციდენტზე: არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს

კომენტარები