აშშ-ვენესუელა

მაიკ პომპეო: ვენესუელა ყველა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა

მაიკ პომპეო
Reuters

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით ვენესუელა ყველა ამერიკელმა დიპლომატმა დატოვა.

"აშშ-ის დიპლომატები თავიანთ მისიას ახლა სხვა ლოკაციებიდან გააგრძელებენ, სადაც ვენესუელაში ჰუმანიტარული დახმარების შეღწევისა და ტირანიასთან მამაცურად მებრძოლი დემოკრატიული აქტორების ხელის შეწყობაზე იმუშავებენ." თქვა პომპეომ.

მიმდინარე კვირის განმავლობაში აშშ-მა ვიზა 340 ვენესუელელს შეუჩერა. ისინი ნიკოლას მადუროსთან დაახლოებული პირები არიან.

მადურომ ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც აშშ-მა ქვეყნის გარდამავალ პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა. მათ გარდა მადურომ გერმანიის ელჩიც გააძევა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის ბრალდებით.

გავრცელებული ინფორმაციით 7 მარტის შემდეგ, ვენესუელაში ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის პირობებში 4 ადამიანი მოკლეს და 300-ზე მეტი დააკავეს, მათგან 124 პროტესტში მონაწილეობის გამო, ხოლო 200-მდე ძარცვის ბრალდებით. მადუროს რეჟიმი ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვაში აშშ-ის ადანაშაულებს და ამბობს, რომ აშშ-ის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა საბოტაჟის მოწყობა სცადეს.

ქვეყნის გარდამავალი პრეზიდენტი ხუან გუაიდო კი მადუროს რეჟიმის არაკომპეტენტურობაზე საუბრობს.

ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება ქვეყნის უმეტეს ნაწილში აღდგენილია.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ექიმები ჯანმრთელობისათის" ინფორმაციით ელექტროენერგიის შეზღუდვის დროს საავადმყოფოებში 26 ადამიანი დაიღუპა.

ვენესუელა ელექტროენერგიას ნავთობის ნაცვლად ძირითადად ჰიდროელექტროსადგურებიდან იღებს, თუმცა მათ უმეტესობას რენოვაცია სჭირდება და ინვესტიციის არარასებობის გამო ელექტროენერგიის შეზღუდვა ბოლო წლებში ხშირი მოვლენაა.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლას მადურო არ აღიარებს, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისია და დახმარების მიწოდებას აშშ-ის მიერ ორკესტრირებულ შოუს უწოდებს.

"ჩვენ არ ვაქცევთ ღირსეულ ვენესუელას მათხოვარ ვენესუელად." თქვა მან.

მადურომ თქვა, რომ ვენესუელა ჰუმანიტარულ დახმარებას სხვა ქვეყნებისგან იღებს, მათ შორის რუსეთისგან, თუმცა განმარტა, რომ ეს დონაცია არაა და ამ "დახმარებისათვის" ვენესუელამ გადაიხადა.

ჰუმანიტარული დახმარების დასაბლოკად მან ბრაზილიასთან საზღვარი სრულად, ხოლო კოლუმბიასთან ნაწილობრივ ჩაკეტა.

ხუან გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

კომენტარები