ვიზალიბერალიზაცია და კრიმინალი

უცხოეთში თავშესაფრის უფლების უკანონოდ გამოყენების კრიმინალიზებას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

parliament.ge

პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობი და ორგანიზატორი სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯონ. 

ქართული ოცნების დეპუტატი და კანონპროექტის თანაავტორი თამარ ხულორდავა განმარტავს, რომ ცვლილება სისხლის სამართლის კოდექსში ახალი დანაშაულის გაჩენას ეხება, რაც კონკრეტულ ქმედებას გულისხმობს. 

კანონპროქტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით (3442 მუხლის პირველი ნაწილით) დასჯადი გახდება პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა/ორგანიზება ან/და უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებებისა ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა/ორგანიზება.

აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ვადით ორიდან ოთხ წლამდე. დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან ექვს წლამდე ვადით.

დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ასევე ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომლისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი დაისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.

"საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3442 მუხლით გათვალისწინებული ქმედების გამოძიების მიზნით შესაძლებელი იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

"საუბარია წინასწარი შეცნობით, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში უკანონო დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ორგანიზებას და ასევე, ამავე განზრახვის და ფინანსური დაინტერესების მიზნით საქართველოს მოქალაქისთვის უსაფუძვლოდ თავშესაფრის მიღებაში დახმარების აღმოჩენას"- ამბობს ხულორდავამ.

ხულორდავასვე თქმით, ვიზალიბერალიზაციის შემდეგ საქართველოდან ევროკავშირში არალეგალური მიგრაციის ტალღამ ძალიან იმატა. 

"უვიზო მიმოსვლა არის კარგი შესაძლებლობა, მაგრამ არა უპირობო. როცა ჩვენ ეს შესაძლებლობა მოგვცეს, ევროკავშირმა წინასწარ გაგვაცნო ის პირობები, რომელთა დადგომის შემთხვევაში მოხდებოდა შეჩერების მექანიზმის გამოყენება. სამწუხაროდ, ჩვენ ვართ ახლოს იმ მომენტთან, როცა ეს საკითხი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს, ვინაიდან არალეგალური მიგრაციის რაოდენობა ძალიან გაიზარდა. 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 72%-ით არის გაზრდილი თავშესაფრის უსაფუძვლოდ მოთხოვნის განაცხადების რაოდენობა. ასევე, ერთ-ერთი წინაპირობა შეჩერების მექანიზმის გახლავთ საზღვარზე უარის თქმა და ეს მონაცემი 200%-ით არის გაზრდილი 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით.

ჩვენი ევროპელი პარტნიორები არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ შეწყვიტონ ეს რეჟიმი და პრობლემები შეუქმნან საქართველოს მოქალაქეებს. პირიქით, მათ აქვთ სრული მზაობა, რომ ხელი შეგვიწყონ, დაგვეხმარონ და უბრალოდ გვთხოვენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმას და გარკვეულო მექანიზმების, მათ შორის - საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებების მიღებას, რომელიც მათ საშუალებს მისცემს თქვან, რომ საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ძალიან მნიშვნელოვნად, მაღალი პასუხისმგებლობით უდგება ამ პრობლემას და მზად არის მასზე რეაგირება მოახდინოს" - ამბობს ხულორდავა. 

ამასთან, ხულორდავა განმარტავს, რომ კანონპროექტი არ გულისხმობს იმ პირების პასუხისმგებლობას, რომლებიც უკანონოდ ანუ ვადის დარღვევით იმყოფებიან შენგენის სივრცეში. თამარ ხულორდავა ასევე აღნიშნავს, რომ მიღების შემთხვევაში, კანონი მხოლოდ ევროკავშირზე არ გავრცელდება და ის ყველა სხვა ქვეყანას მოიცავს. 

კანონპროექტის ავტორები ქართული ოცნების დეპუტატები თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, აკაკი ზოიძე, სოფიო ქაცარავა, ნინო წილოსანი, არჩილ თალაკვაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ზაზა ხუციშვილი, კახაბერ კუჭავა და შოთა ხაბარელი არიან. მათ შეიმუშავეს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტები "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". 
 

კომენტარები