აშშ

სენატმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, ტრამპი ვეტოს დადებას აპირებს

twitter

აშშ-ის სენატმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი დაუჭირა. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლებს 12 რესპუბლიკელიც შეუერთდა. საბოლოოდ, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი 59-მა სენატორმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 41 იყო.

იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი სენატის გადაწყვეტილებას ვეტოს დაადებს, ხმათა ეს რაოდენობა ვეტოს დასაძლევად საკმარისი არ იქნება.

ვეტოს დადების შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა:

"ველოდები როდის დავადებ ვეტოს დემოკრატების მიერ შთაგონებულ რეზოლუციას, რომელიც საზღვრებს გახსნის, კრიმინალს, ნარკოტიკებს და ტრეფიკინგს კი გაზრდის ჩვენს ქვეყანაში. მადლობას ვუხდი ყველა ძლიერ რესპუბლიკელს, ვინც სასაზღვრო უსაფრთხოებას და ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელ კედელს მისცა ხმა! ვეტო!"

შეგახსენებთ, რომ კონგრესის ქვედა პალატამ ტრამპის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას კენჭი გასულ თვეს უყარა.

წარმომადგენელთა პალატაში, სადაც უმრავლესობა დემოკრატიულ პარტიას აქვს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას მხარი 245-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 182 იყო.

დემოკრატების თქმით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ტრამპის ქმედება არაკონსტიტუციურია.

დონალდ ტრამპმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც კონგრესმა მის მიერ სასაზღვრო კედლის ასაშენებლად მოთხოვნილი 5.4 მილიარდი აშშ დოლარის ნაცვლად არსებული კედლის გასაგრძელებლად მხოლოდ 1.4 მილიარდი აშშ დოლარი შეიტანეს ბიუჯეტში. ტრამპმა ბიუჯეტის პროექტს ხელი მოაწერა, რათა მთავრობის ხელახალი დახურვა თავიდან აეცილებინა, თუმცა ამის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც პრეზიდენტს საშუალებას აძლებს სხვადასხვა ფონდებიდან თანხები სასაზღვო კედლის მშენებლობისათვის გამოიყენოს.

კომენტარები