რუსული ოკუპაცია

სუს-ის წარმომადგენელი: არც ინციდენტი მომხდარა და არც "ბორდერიზაციის" ახალი კერა გამოვლენილა

ტაბულა

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის თქმით, ხურვალეთთან დღეს ინციდენტი არ მომხდარა, ისევე როგორც "არ დაფიქსირებულა "ბორდერიზაციის" ახალი კერა". 

"ადგილზე სიმშვიდეა, ინციდენტი არ დაფიქსირებულა, ისევე, როგორც არ დაფიქსირებულა ბორდერიზაციის ახალი კერები. ადგილზე არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ჩვენ ვიმყოფებით მუდმივი კომუნიკაციის და კონსულტაციის რეჟიმში. მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით ვმუშაობთ, რათა ჩანიშნულ იქნას ტექნიკური შეხვედრა, რომელიც ატარებს მხოლოდ პრევენციულ ხასიათს და მოხდება ინფორმაციის გაცვლა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისა და ქმედებებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ ერთხელ გამოიწვიოს გარკვეული დაძაბულობა და საფრთხე შეუქმნას ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - თქვა ირაკლი ანთაძემ. 

ხურვალეთში რუსი ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ფოტო და ინფორმაცია ადგილობრივმა მკვიდრმა, ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელმა ლუდა სალიამ გაავრცელა. მისი თქმით, რუსი სამხედროები მოსახლეების ეზოებში იყვნენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ყოფნა არ დაადასტურა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ხელმძღვანელის, ერიკ ჰოეგის თქმით კი, დიდ ხურვალეთში "ბორდერიზაციის" ახალი ნიშნები არ არის. მან Twitter-ზე დაწერა, რომ უსაფრთხოების სამსახურს ადგილზე ინციდენტები არ აღურიცხავს. 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ცნობით, დიდ ხურვალეთში რუსი ოკუპანტები საოკუპაციო ხაზის მიღმა იდგნენ და მათ ტერიტორია უკვე დატოვეს.

კომენტარები