ირაკლი კვარაცხელიას საქმე

ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, რუსეთმა საქართველოს მტკიცებულებები გადმოსცეს

liberali.ge

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები გადმოსცეს.

,,ვუსამძიმრებ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც მწუხარება გამოთქვა. ევროკავშირი მიესალმება მისი ნეშტის დროულად გადმოცემას, თუმცა, ეხლა მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ხელისუფლებას  გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი მტკიცებულება გადმოსცეს.

ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება კიდევ ერთი ტრაგიკული შეხსენებაა იმ უდიდესი სირთულეებისა, რაც გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შეექმნათ კონფლიქტებისა და რუსეთის სამხედრო ძალების საქართველოში ყოფნის შედეგად", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას სენაკში დღეს დაკრძალავენ.

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მისი ცხედარი 13 მარტს გადმოასვენეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ინფორმაცია ოკუპირებულ გალში ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ 12 მარტს გაავრცელა. სუს-ის ინფორმაციით, ოკუპირებულ გალში საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა. ის დე ფაქტო ხელისუფლებას ჰყავდა დაკავებული. სუს-ი ამ ინფორმაციას დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებულ ცნობაზე დაყრდნობით ავრცელებდა.

კომენტარები