ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

სააკაშვილი: მნიშვნელოვანია, ენმ-მ თავმჯდომარე აირჩიოს, მე გრიგოლ ვაშაძეს ვუჭერ მხარს

Screengrab

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. 

სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო პარტიის ზოგიერთი ლიდერი ციხეშია, პარტია მოქნილი უნდა იყოს გამოწვევების წინაშე. 

"ამ სიტუაციაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევა. იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობას სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე,"- ამბობს სააკაშვილი. 

2017 წლის 20 იანვარს ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გულისხმობდა, რომ პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებდა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა. 

პარტიის ყრილობას წინ უძღოდა 12 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, რომლის შედეგადაც პარლამენტის 21-მა დეპუტატმა პარტია დატოვა და ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. პარტიის დაშლის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაც სახელდებოდა. პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, თავმჯდომარის არჩევა უნდოდათ, ხოლო დარჩენილები კი თვლიდნენ, რომ პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო და რომ თავმჯდომარის არჩევით მიხეილ სააკაშვილის გავლენის შესუსტება სურდათ. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები