ენმ

უგულავა სააკაშვილზე: ზუსტად ამას ვამბობდით გაყოფამდე, რომ თავმჯდომარე ადგილზე უნდა ყოფილიყო

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ პარტიის გაყოფამდე სწორედ ამაზე იყო საუბარი, რომ პარტიის თავმჯდომარე ადგილზე უნდა ყოფილიყო. სააკაშვილმა დღეს თქვა, რომ მნიშვნელოვანია პარტიამ თავმჯდომარე აირჩიოს და ის ამ თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს უჭერს მხარს.

"სიმართლე გითხრათ, დილით რომ გავიღვიძე და ვნახე, ციხიდან გამოგზავნილი ჩემი წერილის ციტატა მეგონა, მაგრამ ძალიან კარგია. ზუსტად ამას ვამბობდით მაშინაც, თუმცა ეს პროცესი დღეს ჩვენ უკვე აღარ გვეხება. ნაციონალური მოძრაობის გადასაწყვეტია, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე. ფაქტია, რომ პარტიისთვის აუცილებელია თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იქნება და ამაზე უკვე მიხეილ სააკაშვილმაც ილაპარაკა. ამას ვამბობდით ჩვენც თავის დროზე. ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე მივესალმები ამ პროცესს," - ამბობს უგულავა. 

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მომავალ ყრილობასთან დაკავშირებით ვიდეო მიმართვა გაავრცელა და თქვა, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. 

სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო პარტიის ზოგიერთი ლიდერი ციხეშია, პარტია მოქნილი უნდა იყოს გამოწვევების წინაშე. 

2017 წლის 20 იანვარს ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გულისხმობდა, რომ პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებდა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა. 

პარტიის ყრილობას წინ უძღოდა 12 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, რომლის შედეგადაც პარლამენტის 21-მა დეპუტატმა პარტია დატოვა და ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. პარტიის დაშლის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაც სახელდებოდა. პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, თავმჯდომარის არჩევა უნდოდათ, ხოლო დარჩენილები კი თვლიდნენ, რომ პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო და რომ თავმჯდომარის არჩევით მიხეილ სააკაშვილის გავლენის შესუსტება სურდათ. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ პარლამენტის მანდატებზე, რასაც ენმ-ის დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები