ოკუპირებული ყირიმი

ოკუპაციიდან 5 წლის თავზე პუტინი ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩავა

Reuters

დღეს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ოკუპაციიდან 5 წლისთავზე ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩავა.

ის თბოელექტროსადგურების გახსნას დაესწრება. პუტინი ყირიმში მოსახლეობასთან შეხვედრას და ყირიმის რეფერენდუმიდან 5 წლის გასვლის აღსანიშნად დაგეგმილ ღონისძიებებზე დასწრებასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე ე.წ. დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩატარდა. რუსეთმა რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით ყირიმის ანექსია მოახდინა. პუტინმა ყირიმის მიერთების დოკუმენტს ხელი 2014 წლის 18 მარტს მოაწერა.

ამის შემდეგ პუტინი ოკუპირებულ ყირიმს არაერთხელ ეწვია, მათ შორის გასულ წელს წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოსაც. მაშინ მან რუსეთის ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდის ნაწილი გახსნა. ქერჩის სრუტეზე ხიდის მშენებლობა 3.6 მილიარდი აშშ დოლარი ჯდება და ევროკავშირი მას უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევად მიიჩნევს, რის გამოც მშენებლობაში ჩართულ კომპანიებს სანქციები დაუწესა.

რუსეთმა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე სარაკეტო სისტემებიც განათავსა.

26 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. ანექსირებული ყირიმის სასამართლომ 12 დაკავებულ მეზღვაურს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გაეროს ანგარიშის მიხედვით ოკუპაციის შემდეგ ყირიმში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

კომენტარები