ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ის ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, მას სანდრა რულოვსიც ესწრება

Giorgi Baramidze/Fb.com

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მას ყოფილი პირველი ლედი, სანდრა რულოვსიც ესწრება.

"ამ წამს ენმ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე ერთად ვმსჯელობთ თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა უკეთესობისკენ, თან რაც შეიძლება მალე" - ამ აღწერით გაავრცელა ფოტო ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ.

ერთერთი საკითხი, რომელიც პოლიტსაბჭოს სხდომაზე უნდა განიხილონ, პარტიის თავმჯდომარის არჩევაა. ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ პარტიამ თავმჯდომარე უნდა აირჩიოს. 

სააკაშვილი ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად ქვეყანაში არ იმყოფება, ხოლო პარტიის ზოგიერთი ლიდერი ციხეშია, პარტია მოქნილი უნდა იყოს გამოწვევების წინაშე. 

2017 წლის 20 იანვარს ჩატარებულ პარტიის ყრილობაზე, ენმ-მ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელიც გულისხმობდა, რომ პარტია თავმჯდომარის პოსტს ვაკანტურად დატოვებდა იმ დრომდე, სანამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ დაბრუნდებოდა. 

პარტიის ყრილობას წინ უძღოდა 12 იანვარს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გაყოფა, რომლის შედეგადაც პარლამენტის 21-მა დეპუტატმა პარტია დატოვა და ახალი პარტია "მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" ჩამოაყალიბა. პარტიის დაშლის მიზეზად, სხვა საკითხებთან ერთად, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაც სახელდებოდა. პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც ენმ დატოვეს, თავმჯდომარის არჩევა უნდოდათ, ხოლო დარჩენილები კი თვლიდნენ, რომ პოსტი ვაკანტური უნდა ყოფილიყო და რომ თავმჯდომარის არჩევით მიხეილ სააკაშვილის გავლენის შესუსტება სურდათ. 

ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე დაპირისპირება საჯარო მას შემდეგ გახდა, რაც მიხეილ სააკაშვილმა პარტიას მოუწოდა, არ მიეღოთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და უარი ეთქვათ მანდატებზე, რასაც დეპუტატები არ დაემორჩილნენ.

კომენტარები