სავალდებულო სამხედრო სამსახური

ირაკლი სესიაშვილმა სამხედრო სამსახურზე თავისი ინიციატივის განხილვის გადადება მოითხოვა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, კოლეგებს მოუწოდა, გადაედოთ მისი ინიციატივის განხილვა, რომელიც მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებდა. 

ქართული ოცნების დეპუტატმა ამის შესახებ 19 მარტს პარლამენტში ბიუროს სხდომაზე ისაუბრა და მიზეზად ინიციატივის მიმართ საზოგადოებაში "აზრთა სხვადასხვაობის" გაჩენა დაასახელა. 

სესიაშვილის თქმით, ადგილი ჰქონდა სპეკულაციებს და მას ამ ინიციატივით რომელიმე კონფენსიისთვის უპირატესობის მინიჭება არ სურდა. 

"ჩემთვის, როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მთავარი ამოცანაა, რომ რამდენადაც გაწვევის სამსახურს შეექმნა ძალიან სერიოზული პრობლემა, მიზეზი კი გახლავთ ის, რომ ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაცია არაკეთილსინდისიერად იყენებს ამ მოცემულობას, ამიტომ სწორედ ჩემი ინიციატივა ამას ეფუძნებოდა, თუმცა რამდენადაც საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოსაზრება, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს დისკრიმინაციული ხასიათი, ვთავაზობ ჩემს კოლეგებს, ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გავაგრძელოთ კონსულტაციები,"- თქვა სესიაშვილმა. 

ამასთან მან აღნიშნა, რომ ის გეგმავს შეხვდეს იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომელიც მისი თვალსაზრისით კანონის ამ მუხლს გადავადების შესახებ "კეთილსინდისიერად" იყენებენ.

13 მარტს ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდეს ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

სესიაშვილის ამ ინიციატივის მიზეზი პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებაა", რომელიც წვევამდელებზე სასულიერო პირის მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ. 

სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებს "გირჩი" და ამ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. 

ინიციატივა მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც. 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა. ამასთან, განცხადება გაავრცელა ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემაც, რომელმაც ინიციატივას დისკრიმინაციული უწოდა და თქვა, რომ ეს ქვეყანაში დემოკრატიული და სეკულარული პრინციპებისთვის ზიანის მომტანი იქნება. 

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ემზარ კვიციანი

კომენტარები