აშშ-ის ცენტრალურ შტატებში, მათ შორის სამხრეთ დაკოტაში, ვისკონსინში, აიოვასა და ნებრასკაში უპრეცედენტო წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიზეზი ციკლონის, ქარბუქის და ძლიერი წვიმების შედეგად მოსული დიდი ოდენობით ნალექია.
წყალდიდობას 3 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება კიდევ 4. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
დაზიანდა გზები, რის გამოც რამდენიმე დასახლებამდე მიღწევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
სინოპტიკოსების აზრით წყლის დონე კვირის ბოლომდე არ დაიწევს.
დონალდ ტრამპმა სამხრეთ დაკოტას მოსახლეობას მხარდაჭერა ტვიტერზე გამოუცხადა:
"ვლოცულობთ სამხრეთ დაკოტას შესანიშნავი ხალხისათვის. ჩვენ გვაქვს ახლო კონტაქტი გუბერნატორთან და შტატის ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ამ დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ. თავს გაუფრთხილდით!"
მდინარე მისური რამდენიმე ადგილას ადიდდა, მათ შორის აიოვასა და ნებრასკაში, სადაც ყველაზე დიდი ზარალი გამოიწვია. წინასწარი შეფასებით მხოლოდ ნებრასკაში ზარალი 260 მილიონ აშშ დოლარს აღწევს.