შუალედური არჩევნები

უგულავა: კონსულტაციები გვაქვს თავდემებ-თან, რომელიც ღირებულებებით ჩვენთან ახლოსაა

"ევროპული საქართველო" ღია პლატფორმაა და ბუნებრივია, მას კონსულტაციები აქვს პროევროპულ, ღირებულებებით ახლოს მყოფ პარტიებთან, მათ შორის "თავისუფალ დემოკრატებთან,"- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პირველი არხის გადაცემა "კვირის ინტერვიუში" თქვა.  

უგულავა ამბობს, რომ პარტიებს სხვადასხვა წარსული აქვთ და ეს ფაქტი, თავისუფალ დემოკრატებთან პოტენციურ თანამშრომლობას მეტ მიმზიდველობას სძენს. 

"არ დაგიმალავთ და გულწრფელად ვიტყვი – დღეს ჩემი პარტიის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიმაჩნია, რომ ჩვენ მაინც ერთი მდინარიდან წამოსული ხალხი ვართ. ჩვენ ვართ ყოფილი თანამდებობის პირები და გვჭირდება მდინარის სხვა ნაპირიდან მოსული ადამიანები,"- ამბობს გიგი უგულავა. 

მისივე თქმით, ევროპულ საქართველოს შუალედურ არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობასთან კოორდინაცია ექნება, რათა პარტიებმა ერთმანეთს ხმები არ წაართვან. 

"ნაციონალურ მოძრაობასთან" მოლაპარაკებები პრაქტიკულად, დავასრულეთ. მაგალითად, ზუგდიდის ოლქში უკვე ჩამოყალიბებული ვართ, რომ ყველა შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის"კანდიდატი იყრის კენჭს და ჩვენ მას კანდიდატს არ დავუყენებთ. თუ ვინ იქნება, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია. ზუსტად ასეთივე შეთანხმება არსებობს მთაწმინდასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენ დავაყენებთ კანდიდატს, ენმ კი არა,"- აღნიშნა უგულავამ. 

შუალედური არჩევნები ზუგდიდში, ჭიათურაში, მარნეულში, ხულოსა და ზესტაფონში ჩატარდება. ცესკოს შუალედური არჩევნების ზუსტი თარიღი ჯერ არ გამოუცხადებია. 

კომენტარები