სავალდებულო სამხედრო სამსახური

სესიაშვილი: დღეს შევხვდები რელიგიურ ორგანიზაციებს, გავაცნობ მათ ჩემს პოზიციას

ტაბულა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ საკუთარი პროექტის განხილვის გადავადებასთან დაკავშირებით მედიასთან დამატებით განმარტებებს აკეთებს. 

სესიაშვილის ინიციატივა მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს. 

ქართული ოცნების დეპუტატის თქმით, პროექტის განხილვა შესაბამისი პროცედურით განხორციელდება და მისი მხრიდან პროექტის შეჩერება არ მომხდარა. მისივე თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პროექტი რელიგიურმა ორგანიზაციებმა დისკრიმინაციულად მიიღეს, მან ყველა პოლიტიკურ ჯგუფსა თუ დაინტერესებულ პირს პროცესში ჩართვა შესთავაზა. 

მისივე თქმით, ის დღეს რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. 

"ჩემი კეთილი მიზანი არის, რომ უსაფრთხოების სისტემას პრობლემა არ შეექმნას. ჩემი მიზანი არის, რომ ის რისკები, რაც არსებობს გაწვევასთან დაკავშირებით, ნეიტრალიზებული იყოს. გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში გარკვეული რელიგიური ორგანიზაციები აპელირებენ და არაკეთილსინდისიერად იყენებენ სამხედრო ვალდებულების შესახებ 30-ე მუხლის ლ ქვეპუნქტს, ამიტომ ჩემი ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ამ მიზანს და არა იმას, რომ რაიმე ფორმით დისკრიმინაციული სურათი შეიქმნას

ამიტომ, მე დღესაც შევხვდები რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს. მე გავაცნობ ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ. ჩემი ინტერესი არის, რომ მაქსიმალურად დაკმაყოფილებული იყოს მათი ინტერესი,"- ამბობს ირაკლი სესიაშვილი. 

13 მარტს ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტს მიმართა ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდეს ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

სესიაშვილის ამ ინიციატივის მიზეზი პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებაა", რომელიც წვევამდელებზე სასულიერო პირის მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ.

ბიბლიური თავისუფლების მიერ გაცემულ მღვდელმსახურის მოწმობებს საქართველოს საპატრიარქოც გამოეხმაურა და ხელისუფლებას მოუწოდა, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს, რათა "ფსევდორელიგიურმა" სასულიერო პირებმა სავალდებულო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება ვერ შეძლონ. 

სესიაშვილის ინიციატივა მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვის და რელიგიური ორგანიზაციებისთვის. 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადება გააკეთა. დისკრიმინაციასა და სეკულარიზმის საფრთხის წინაშე დაყენებაზე საუბრობს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძეც. 

კომენტარები