ანი აროშიძის საქმე

ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებული ანი აროშიძის სარჩელი საკონსტიტუციომ დაარეგისტრირა

Facebook/ Ani Aroshidze

საკონსტიტუციო სასამართლომ დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეში ბრალდებული ანი აროშიძის სარჩელი დაარეგისტრირა. ახლა სარჩელმა სასამართლოში დასაშვებობის ეტაპიც უნდა გაიაროს, რის შემდეგაც საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს.

შესაბამისი განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 

აროშიძე სადავოდ მიიჩნევს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ნორმატიულ შინაარსს, "რომლის მიხედვითაც ინტერნეტში უკვე გავრცელებული მასალის/ინფორმაციის "ფეისბუქ მესინჯერის" საშუალებით "მეგობრებისთვის" პირადი მიმოწერის (ჩატი) საშუალებით გაგზავნას მიიჩნევს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფად" და, რომელიც ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას". 

აროშიძეს სამართლებრივ დახმარებას პოლიტიკური პარტია "გირჩი" გაუწევს. მათ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 12 მარტს შეიტანეს. 

ანი აროშიძე და კიდევ 15 ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე 1 თებერვალს დააკავა. 16 ბრალდებულიდან 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, მათ შორის ანი აროშიძეს, რომელიც 1 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

აროშიძის პროცესი საქალაქო სასამართლოში 27 მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა 12 მარტს მას პროკურატურა დაუკავშირდა და უთხრა, რომ პროცესი ტექნიკური დეტალების გამო, კერძოდ Facebook-დან ინფორმაციის გამოთხოვის გამო დროებით გადაიდო. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მისი სასამართლო პროცესი. გირჩში მიიჩნევენ, რომ პროკურატურა პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს.  

19 წლის ანი აროშიძე თავის ისტორიას Facebook-ის საშუალებით 22 თებერვალს მოყვა. მისი თქმით, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერი Facebook Messenger-ით მიიღო და ამავე აპლიკაციით ის 3 ახლო მეგობარს პირად შეტყობინებაში გადაუგზავნა, რისთვისაც ის პოლიტიკოსს საჯარო წერილით ბოდიშს უხდის. სოციალურ ქსელში კამპანია #ანიკრიმინალიარარის დაიწყო. 

ანი აროშიძე ყვება, რომ სამართალდამცვებმა ის გვიან ღამით საკუთარ სახლში მომაკვდავი მამის თვალწინ დააპატიმრეს, რომელიც სიმსივნის მე-4 სტადიას ებრძოდა. დაკავების ოპერაციიდან 5 დღეში კი ანის მამა გარდაიცვალა. 

შსს-ის მიერ 16 ახალგაზრდის დაკავებას წინ უძღოდა უმრავლესობის ყოფილი დეპუტატის, დავით ჭიჭინაძის, განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ინტერნეტ სივრცეში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერები ვრცელდებოდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით დაიწყო. რაც, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფას გულისხმობს.

ჭიჭინაძის ამ განცხადებამდე ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია თავის გუნდს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების 10-კაციანი სიის შესახებ დაუპირისპირდა, რისი კულმინაციაც 22 თებერვალს მის მიერ ქართული ოცნების უმრავლესობის დატოვება იყო.

კომენტარები