ქართული ოცნება

მდინარაძე: დეპუტატებმა თქვეს, რომ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, მაგრამ არ აისახა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ზვიად კვაჭანტირაძის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით, განმეორებითი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, ზვიად კვაჭანტირაძე "ტექნიკური პრობლემების" და "გარკვეული გაურკვევლობის" გამო ვერ გადააყენეს.

"ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ასე კარგად თუ იცოდნენ პიარი, გამოეყენებინათ მაშინ, როცა ჩვენ გუნდში იყვნენ, მაგრამ ინახავდნენ ეტყობა ძალას და ენერგიას, იმიტომ, რომ მათ ძალიან კარგად იციან, ტექნიკური პრობლემების და სხხვადასხვა გარუკვევლობის გამო მოხდა ის, რაც მოხდა.

ვფიქრობთ, დღესვე უნდა ჩავატაროთ კენჭისყრა, სადაც გაირკვევა გუნდის ის მარტივი პოზიცია, რომ როცა ადამიანი მიდის გუნდიდან, ის აღარ უნდა ჩამოებღაუჭოს თანამდებობას, აღარ უნდა შეექმნას ტექნიკური და სხვა სახის პრობლემები და უნდა მოიქცეს ისე, რომ არ გახადოს ეს პრაქტიკულად ტექნიკური დეტალი სალაპარაკო.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა, მართლა გულწრფელად მაინტერესებდა სხვა დეპუტატებისგან, რატომ არ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, მათ თქვეს, რომ მიიღეს მონაწილეობა კენჭისყრაში, ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ არ აისახა. მთლად ტექნიკურ პრობლემებს ნუ დავაბრალებთ, იყო გარკვეული გაურკვევლობებიც, ისეთივე გაურკვევლობა, როგორიც მოჰყვა ეროვნული უსაფრთხოების კანონს, რომელსაც მოწინააღმდეგეც კი არ ჰყავდა. ეს კანონი საერთოდ ჩავარდა" - თქვა მდინარაძემ.

მისივე განმარტებით, რამდენიმე დეპუტატმა მიიჩნია, რომ საქმე რაკი გადაყენებას ეხებოდა, არ უნდა დაფიქსირებულიყო პოზიცია "მომხრე".

19 მარტის სხდომაზე პარლამენტმა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ზვიად კვაჭანტირაძე ვერ გადააყენა. "67 მომხრე, 8 - წინააღმდეგი" - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. გადაწყვეტილების მიღებას 76 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა. 

ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენებას მხარი ქართული ოცნების სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა - ცოტნე ზურაბიანი, რატი იონათამიშვილი და ლევან კობერიძე. ამასთან, სხდომას არ ესწრებოდა 74 დეპუტატი, მათ შორის 34 - უმრავლესობის წევრი.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძის ბექა ოდიშარიათი შეცვლის საკითხი უმრავლესობამ დააყენა. ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების ოფისში 18 მარტს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ზვიად კვაჭანტირაძის გადაყენების მოთხოვნას პოლიტიკური საფუძველი აქვს. ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, ზვიად კვაჭანტირაძის თავმჯდომარეობის პერიოდში, დიასპორის კომიტეტი წარმატებული არ იყო.

ზვიად კვაჭანტირაძემ საპარლამენტო უმრავლესობა თებერვლის ბოლოს დატოვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები