რუსეთი

რუსეთში “საგანმანათლებლო სამხედრო-პატრიოტული” ბანაკების შექმნას გეგმავენ

Sergei Vedyashkin / Moskva News Agency

რუსეთი ახალგაზრდებისთვის “საგანმანათლებლო სამხედრო-პატრიოტული” ბანაკების შექმნას და სკოლებში აკრძალული ვებსაიტების დაბლოკვას გეგმავს - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა განაცხადა.

“არასრულწლოვნები, რომლებიც დანაშაულის ჩადენისკენ არიან მიდრეკილები, 2019 წელს სამხედრო-პატრიოტულ ბანაკებში გაიგზავნებიან”, - თქვა ნიკოლაი პატრუშევმა 12 მარტს უდმურტეთში გამართულ კონფერენციაზე საუბრისას.

პატრუშევმა ახალგზადრებში კრიმინალი „სოციალურ ქსელებში მანიპულაციებს“ დაუკავშირა. მისი თქმით, სკოლებში კომპიუტერებზე უკვე ჩაწერეს სპეციალური პროგრამა, რომელიც აკრძალულ ვებსაიტებს დაბლოკავს. პატრუშევის გათვლით, აღნიშნული ზომები ახალგზრდებში კრიმინალს დაახლოებით 18%-ით შეამცირებს.

ჯერ კიდევ 2018 წლის ზაფხულში ვლადიმერ პუტინმა რუსულ არმიაში პატრიოტული დირექტორატი შექმნა, რამაც ბევრს მოაგონა საბჭოთა პრაქტიკა, როდესაც ჯარისკაცებს მარქსიზმის დოგმატებს ასწავლიდნენ. მაშინვე გაჩნდა ვარაუდი, რომ პუტინის იდეოლოგიური განათლება მომავალში სკოლებსა და უნივერისტეტბშიც გავრცელდებოდა.

თავად პატრუშევი წარსულში ემხრობოდა პოპულარული რუსი ბლოგერების მოხალისეობრივი “ინტერნეტ ბრიგადების” შექმნას, რომელთა მიზანი რუს ახალგაზრდებში “პატრიოტიზმისა და სულიერი ღირებულებების” გაღვივება იქნებოდა.

2018 წელს პატრუშევი ახალგაზრდებზე “სატანისტების პროპაგანდის” გავლენაზეც ღელავდა. ის ამბობდა,  რომ მკაცრად უნდა აღკვეთილიყო არასრულწლოვნებზე გავლენების მცდელობები - მათ შორის “უკანონო საზოგადოებრივ შეკრებებზე”, ასევე “დესტრუქციული ორგანიზაციების” - რელიგიური ორგანიზაციებისა და ტოტალიტარული სექტების მხრიდან, სადაც, პატრუშევის თქმით, ახალგაზრდებს “ნეოპაგანიზმს, ოკულტიზმსა და სატანიზმს ასწავლიან”.

ამასთან, გასულ წელს, არასრულწლოვანთა ჯანმრთელობის დაცვის მოტივით, რუსეთმა აკრძალა მათი მონაწილეობა პროტესტში, რომელიც ხელისუფლების მიერ ავტორიზებული არაა. ალექსეი ნავალნი ამბობდა, რომ კანონის სამიზნე თავად იყო - ორი წლის მანძილზე ნავალნის ანტი-სამთავრობო პროტესტს ახალგაზრდები აქტიურად უერთდებოდნენ.

კომენტარები