თავდაცვა

გიორგი ნონიაშვილი: იღბალს მინდობილი სამოქალაქო თავდაცვა

გიორგი ნონიაშვილი
0 კომენტარი

ომიდან 10 წლის შემდეგ  სამოქალაქო საფრთხე არსად წასულა. მეტწილად, ის საოკუპაციო ხაზისპირა ტერიტორიებზე მოსახლეობის ტერორით, პროპაგანდით და დეზინფორმაციით არის გამოხატული. რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკამ ვერც ეს ყოველდღიურობა გააქრო და ვერც რუსეთის ინტერვენციის საფრთხე გამორიცხა. აქვე, ისიც უნდა ითქვას რომ უკრაინაში რუსული აგრესიის და მსოფლიო ეკონომიკური სანქციების შემდეგ, რუსული საინფორმაციო ველი გამორჩეულად გაჯერებულია ომის, დაპყრობის მუქარით. ეს "თითის დაქნევის" რიტორიკა კრემლმა საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე კვირის წინაც გამოიყენა და გაურკვეველი სარგებლის მომტანი ფორმატის ფარგლებში ("აბაშიძე-კარასინი") შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ გაგვაფრთხილა.

ომიდან 10 წლის შემდეგ  სამოქალაქო საფრთხე არსად წასულა. მეტწილად, ის საოკუპაციო ხაზისპირა ტერიტორიებზე მოსახლეობის ტერორით, პროპაგანდით და დეზინფორმაციით არის გამოხატული. რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკამ ვერც ეს ყოველდღიურობა გააქრო და ვერც რუსეთის ინტერვენციის საფრთხე გამორიცხა. აქვე, ისიც უნდა ითქვას რომ უკრაინაში რუსული აგრესიის და მსოფლიო ეკონომიკური სანქციების შემდეგ, რუსული საინფორმაციო ველი გამორჩეულად გაჯერებულია ომის, დაპყრობის მუქარით. ეს "თითის დაქნევის" რიტორიკა კრემლმა საქართველოსთან მიმართებით რამდენიმე კვირის წინაც გამოიყენა და გაურკვეველი სარგებლის მომტანი ფორმატის ფარგლებში ("აბაშიძე-კარასინი") შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ გაგვაფრთხილა.

თავდაცვის და უსაფრთხოების მშენებლობის განუყოფელი ნაწილი სამოქალაქო თავდაცვაა. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, სამხედრო ავიაციის განვითარების პარალელურად, სახელმწიფოებმა დაიწყეს ფიქრი, თუ როგორ დაეცვათ მოქალაქეები შეიარაღებული კონფლიქტისგან.  სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებებს პრევენციული ხასიათი აქვს. ამ სისტემის გამართულად მუშაობის შემთხვევაში კრიზისის მართვაში ხელისუფლებას მშვიდობიანი მოსახლეობა ეხმარება. მათ იციან, თუ როგორ იმოქმედონ სხვადასხვა ტიპის სამხედრო თავდასხმის და ბუნებრივი კატასტროფების დროს. ამ სისტემის გამართვისთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო და საგანმანათლებლო კამპანიების წარმოება. მოქალაქეებს ასწავლიან: რას ვშვებით ბრმა სროლისგან თავის ასაცილებლად? საავიაციო დაბომბვისგან დაცვისთვის? უნდა გავიქცეთ თუ არა სადმე? რა პირველადი დანიშნულების ნივთების ქონაა საჭირო? მოვიმარაგოთ, თუ არა საკვები? როგორ ვიცნოთ დანაღმული ტერიტორია? სად შეიძლება შევაფაროთ თავი?...

გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ BBC-ისთან და BT-ისთან ერთად 90-იანი წლებიდან შეიმუშავა თავდასხმის გაფრთხილების ეროვნული სისტემა (NAWS) . ის ტელევიზიის, რადიოს და ტელეფონის მეშვეობით ადამიანებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ამცნობს. სისტემა ჩაირთვება საკომუნიკაციო სივრცის დაზიანების და საბოტაჟის შემთხვევაშიც.

ისრაელს, ჩეხეთს, ნორვეგიას და სხვა ქვეყნებს მთელს ტერიტორიაზე განთავსებული აქვთ სამოქალაქო თავდაცვის სირენა, რომლის გამოყენებაც ხდება როგორც საომარი, ისევე საგანგებო სიტუაციების დროს (მაგ.: ბუნებრივი კატასტროფები). გადაიცემა ხმოვანი ნიშნები (მგ. ცეცხლი, განგაში, საფრთხე დასრულებულია).

შვედეთში 200 წელია არ ყოფილა ომი. თუმცა, 2018 წელს შვედეთის ხელისუფლებამ 4 700 000 მოქალაქეს გაუგზავნა 20 გვერდიანი ბროშურა, რომელიც ეხება მოქალაქეთა მზადყოფნას ტერორის, კიბერ-შეტევის, ბუნებრივი კატასტროფების, სამხედრო კონფლიქტების დროს. სარეკომენდაციო კამპანიის მიზანი მნიშვნელოვან კრიზისებთან გასამკლავებლად ქვეყნის შესაძლებლობის გაუმჯობესებაა.  ამ ღონისძიების გატარება რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და შვედეთის საჰაერო სივრცის რამდენჯერმე დარღვევას უკავშირდებოდა. ანალოგიური კონტექსტით, 2016 წელს, გერმანიის მთავრობამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად გასცა რეკომენდაციები მოქალაქეთათვის, კერძოდ კი საგანგებო მდგომარეობის დროს საკვები პროდუქტების და წყლის მომარაგების შესახებ. 2016 წელს ლიტვის ხელისუფლებამ კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკა მისცა საკითხს და რუსული ინტერვენციის შემთხვევაში მოქალაქეთა მოქმედების შესახებ 75 გვერდიანი ბროშურები დაარიგა. ბროშურა მეტწილად ველურ პირობებში გადარჩენის, საომარი ტექნიკის და ნაღმების იდენტიფიცირების საკითხებს ეხებოდა.

სამოქალაქო თავდაცვის ერთ-ერთ ყველაზე გამართულ სისტემაში - შვეიცარიაში მოქალაქეთათვის შემუშავებულია სახელმწძღვანელოები, მათ შორის, ბირთვული საფრთხის დროს გადარჩენისთვის. შვეიცარული სამოქალაქო თავდაცვის სისტემას თავშესაფრების ქსელით დაბომბვის განმავლობაში მოქალაქეთა 90%-ის დაცვა შეუძლია. შვეიცარიაში და სხვა ბევრ ქვეყანაში მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების კრიზის-მენეჯმენტზე პასუხისმგებელი ცალკეული ორგანო არსებობს.

სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხების მიმართ თავად საზოგადოების მგრძნობელობაც მნიშვნელოვანია. ცივი ომის დროინდელ დასავლულ საზოგადოებაში გამოჩნდა, რომ პერსონალური უსაფრთხოებისთვის წინასწარი ზომების გატარება, შესაძლოა, ცხოვრების დაგეგმვის შემადგენელი ნაწილი გახდეს. ცივი ომის პერიოდში შეერთებული შტატების მოქალაქეებმა თვითორგანიზებით საკვების მომარაგება, პირადი თავშესაფრის მოწყობა, შვილებისთვის თვითგადარჩენის უნარების სწავლება დაიწყეს. ცივი ომის დასრულების შემდეგ  ცხოვრების ეს წესი არსად გამქრალა. ის დასავლურ კულტურაში სამოქალაქო საზოგადოების შემადგენელ ნაწილად იქცა. ადამიანები ხელისუფლების კარნახის გარეშეც ემზადებიან ყველაზე ცუდი სცენარისთვის. განსაკუთრებით, იქ, სადაც საფრთხე რეალურია.

ყველაზე ცუდი სცენარისთვის მომზადებისთვის ომის და ოკუპაციის 10-წლიანი გაკვეთილი საქართველოსთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. 10 წლის თავზე ხელისუფლება “ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე” საუბრობს. თუმცა სამოქალაქო თავდაცვის გამართული სისტემის გარეშე, სადაც ხელისუფლებას და ინდივიდს შესაბამისი როლები და პასუხისმგებლობები გააჩნია, ტოტალურ ქაოსად გადავიქცევით.

ქართული ფეოდალური კულტურისთვის მცირე საოჯახო საფორტიკაციო/ თავდაცვითი ნაგებობები და თავშესაფრები უცნობი არ არის. მაშინდელი ადამიანები ცდილოდბენ დაეგეგმათ და წინასწარ მომზადებულიყვნენ ყველა ტიპის საფრთხისთვის, დაეცვათ საკუთარი თავი, პირუტყვი, მეზობელი ადამიანები... ეს აზროვნების წესი უფრო მეტად "ლეკიანობის" დროს დამკვიდრდა, როცა გლეხებს მოულოდნელი თავდასხმების გამო, ციხე-ქალაქებში თავის შეფარების იმედი არ ჰქონდათ.

დღეს, განგრძობადი რუსული აგრესიის ფონზე, საქართველოს მოქალაქეები არათუ ყველაზე ცუდი სცენარისთვის, შესაძლო მიწისძვრისთვისაც არ ემზადებიან. ხელისუფლებას კი 10 წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია იმისათვის, რომ შემდეგ კრიზისს უფრო მომზადებულები დავხვდეთ.

პოლიტიკურ ველში სამოქალაქო თავდაცვის გამოწვევებზე საუბარი არაპოპულარულია. მაგალითად, გერმანულმა ოპოზიციამ გერმანიის მთავრობა პანიკის თესვაში დაადანაშაულა, როდესაც ამ უკანასკნელმა სამოქალაქო თავდაცვაზე საუბარი განაახლა. ქართულ რეალობაში ამ კუთხით ქმედითი ნაბიჯების გატარებით ელექტორატის მოზიდვა ნაკლებად მოხდება. სამაგიეროდ, დაიბადება ათასი შეთქმულების თეორია მოსალოდნელ საომარ მზადებასთან დაკავშირებით.

მშვიდობიანი მოსახლეობის ერთადერთი გზა კრიზისებთან გამკლავებისთვის მისთვის მომზადებაა. სოლიდარულ საზოგადოებაში პასუხისმგებლიანი მშვიდობიანი მოქალაქე პირველ რიგში ყველა შესაძლო უსაფრთხოების ზომას იღებს თავისთვის და თავის ოჯახისთვის. ის ემზადება საკვები დეფიციტისთვის, უშუქობისთვის, ბუნებრივი კატასტროფებისთის, შესაძლო ევაკუაციისთვის, თავშესაფრის გამოძებნით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს რისკის შემცველი მოქმედებების გამორიცხვით და ა.შ. შემდეგ კი, შესაძლებლობების მიხედვით სხვებს ეხმარება. ამ მოცემულობაში სამოქალაქო პირები გულხელდაკრეფილები არ ელიან კრიზისის განვითარების სიუჟეტს. ისინი მის დაწყებამდე მოქმედებენ ქაოსის ასაცილებლად.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შალვა შავგულიძე

კომენტარები