ეკონომიკა

ევროკომისარი მალმსტრომი: საჭიროა, პროგრესმა ეკონომიკის და ინვესტიციების ზრდა მოიტანოს

სესილია მალმსტრომი
Mamuka Bakhtadze FB

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისრის, სესილია მალმსტრომის თქმით, საჭიროა, რომ საქართველოში გაუმჯობესებული ბიზნესის გარემომ კონკრეტული ასახვა ჰპოვოს ზრდასა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. ამის შესახებ ევროკომისარმა მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მალმსტრომმა ისაუბრა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედების შემდგომ საქართველოსა და ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობებზე, შემდეგ კი ხაზი გაუსვა ქართული ეკონომიკური განვითარების მნიშვნელობას.

“ამ ყველაფერთან დაკავშირებულია მთავრობის მნიშვნელოვანი სამუშაო ბიზნესის კლიმატის გასაუმჯობესებლად. უნდა მივულოცოთ მთავრობას შთამბეჭდავი მიღწევებისთვის. რა თქმა უნდა, საჭიროა, რომ ეს ითარგმნოს  სერიოზულ [ეკონომიკურ] ზრდაში და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების უფრო მდგრად მაჩვენებელში. ვხედავთ, რომ ზოგი ევროპული ფირმა უკვე შემოდის, თუმცა გვსურს, მომდევნო წლებში ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. ამდენად, კიდევაა სამუშაო ბიზნესისა და საინვესტიციო კლიმატის გაძლიერებისა და კონსოლიდაციისთვის, რათა გაიზარდოს ქართული კომპანიების პროდუქტიულობა, მოხდეს ეკონომიკის დივერსიფიკაცია, იყოს ზრდა და  შეიქმნას სამუშაო ადგილები,” - განაცხადა ევროკომისარმა.

სესილია მალმსტრომი თბილისს გუშინ ეწვია. იგი შეხვედრებს პოლიტიკოსებთან, ბიზნესისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან მართავს.

კომენტარები