კარდიოლოგია

გულის შეტევის პრევენციის 8 გზა ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის თანახმად

ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯის და ამერიკის გულის ასოციაციის ექსპერტებმა გულის შეტევის, ინსულტის და გულის უკმარისობის პრევენციის ახალი რეკომენდაციები გამოაქვეყნეს

რეკომენდაციები, რომლებიც ამერიკის გულის ასოციაციის ჟურნალ Circulation-ში გამოქვეყნდა, იმეორებს ძველ რჩევებს და ასევე შეიცავს ახალ მითითებებს. 

"მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ გულის შეტევების, ინსულტების და პერიფერიული არტერიების დაავადებების შემთხვევების 80%-ის პრევენცია შესაძლებელია" - ამბობს ჯონ ჰოპკინსის კარდიოვასკულარულ დაავადებათა პრევენციის ცენტრის თავჯდომარე, დოქტორ როჯერ ბლუმენთალი. 

ახალ გაიდლაინებში აღწერილია, თუ როგორ შეუძლიათ ექიმებს დაეხმარონ პაციენტებს არა მხოლოდ სამედიცინო რისკ-ფაქტორების მართვაში, არამედ როგორ წააქეზონ მათი ქცევის და ცხოვრების წესის ცვლილებები, რომლებიც რისკებს შეამცირებს. 

გამოიყენეთ ასპირინი ადეკვატურად

დღემდე, ამერიკის კარდიოლოგიის კოლეჯი და ამერიკის გულის ასოციაცია გასცემდა რეკომენდაციას, რომ გულის შეტევის მაღალი რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს მიეღოთ მხოლოდ დაბალი-დოზის ასპირინი, როგორც ანთების საწინააღმდეგო საშუალება. თუმცა, ბოლო კვლევებმა ეჭვქვეშ დააყენა დაბალი დოზებით ასპირინის მიღების უსაფრთხოება და ახალმა რეკომენდაციებმა უკან წაიღო ეს რჩევა. ასპირინის მიღებას შეუძლია გაზარდოს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენი რისკი, განსაკუთრებით წყლულის მქონე ადამიანებში. 

უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით, ახალი გაიდლაინი ასპირინს რეკომენდაციას უწევს მხოლოდ მაშინ, როცა გულის დაავადებების სხვა რისკ-ფაქტორები - ქოლესტეროლი, მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მწეველობა და ჭარბი წონა გათვალისწინებულია. 

ასპირინი არაა რეკომენდირებული 70 წელს გადაცილებულებისთვის, რადგან ამ შემთხვევაში სისხლდენის რისკი გადაწონის ანთების საწინააღმდეგო ეფექტის სარგებელს, რომელიც ასპირინს აქვს. 

აკონტროლეთ მეორე ტიპის დიაბეტი

ახალი რეკომენდაცია უფრო მკაცრად უდგება სისხლში შაქრის კონტროლს და რეკომენდაციას უწევს მეორე ტიპის დიაბეტის არა მხოლოდ ისეთ პირველად წამლებს, როგორებიცაა მეტფორმინი, არამედ წამლების ახალ კლასებს, როგორებიცაა SGLT-2 ინჰიბიტორები, რაც ხელს უშლის ორგანიზმის უჯრედების მიერ გლუკოზის შეწოვას და ასევე GLP-1R აგონისტები, რომლებიც წვავს მეტ გლუკოზას კუნთოვან უჯრედებში და აიძულებს პანკრეასს წარმოქმნას მეტი ინსულინი, რათა სისხლში გლუკოზა დაშალოს. 

თავი აარიდეთ ელექტრონული სიგარეტის გამოყენებას

მაშინ, როცა მოწევისთვის თავის დანებების რჩევა ყველასთვისაა ცნობილი, ახალი რეკომენდაცია ასევე შეეხება ელექტრონული სიგარეტების პოტენციურ საფრთხეს. გაიდლაინი არ უწევს რეკომენდაციას ელექტრონულ სიგარეტს, როგორც მოწევისთვის თავის დანებების სტრატეგიას და მოუწოდებს ხალხს გამოიყენონ მოწევის შეწყვეტის დამტკიცებული გზები, როგორებიცაა ნიკოტინის ჩამნაცვლებელი პლასტირები, საღეჭი რეზინი ან მოწევის შეწყვეტის წამლები. 

ყურადღება მიაქციეთ პაციენტის გარემოს 

ახალი რეკომენდაციები ხაზს უსვამს არასამედიცინო ფაქტორების მნიშვნელობას, რომლებიც, ბოლო კვლევების თანახმად სამედიცინო ფაქტორებზე ნაკლებ მნიშვნელოვანი არაა. იგულისხმება, აქვთ თუ არა ადამიანებს სტაბილური საცხოვრებელი, საკვები და შეუძლიათ თუ არა სამედიცინო დაწესებულებამდე გადაადგილება. ეს ჯანმრთელობის ეგრეთ წოდებული სოციალური მდგენელები ჯანმრთელობის შენარჩუნების კრიტიკულად მნიშვნელოვან ასპექტად იქცა. გაიდლაინების თანახმად, ექიმი უნდა აცნობიერებდეს გარემოს, რომელშიც პაციენტი ცხოვრობს, როცა პრევენციის სტრატეგიას გეგმავს. 

შეინარჩუნეთ სისხლის წნევა დაბალ მაჩვენებელზე 

ახალ რეკომენდაციაში, ისევე როგორც 2017 წლის რეკომენდაციაში, წერია რომ ადამიანების უმეტესობამ, რომლებსაც გულის პრობლემები ჯერ არ ჰქონიათ, სისხლის წნევა უნდა შეინარჩუნონ 130/80მმ.ვწყ.სვ-ზე დაბლა.

შეამცირე ქოლესტეროლი

გუნდმა ქოლესტეროლთან დაკავშირებით რჩევა ბოლოს 2018 წლის ნოემბერში განაახლა, მას შემდეგ ბევრი არაფერი შეცვლილა; ახალი რჩევა ისევ ამბობს, რომ იმისთვის, რომ პირველი გულის შეტევის რისკი შეამცირონ, ადამიანებმა უნდა შეცვალონ თავიანთი დიეტა, ივარჯიშონ და მოწევა შეწყვიტონ. თუ ქოლესტეროლის დონე მაინც მაღალია, მაშინ ადამიანებმა, ექიმთან ერთად უნდა განიხილონ სტატინების მიღება. ვინაიდან მეორე ტიპის დიაბეტი გულის დაავადების მაღალ რისკთანაა დაკავშირებული, დიაბეტის მქონე ადამიანებმა უნდა განიხილონ სტატინების მიღება რისკის შემცირების მიზნით. 

შეინარჩუნეთ გონივრული წონა

ექსპერტები ისევ ურჩევენ ხალხს, რომ შეინარჩუნონ რეკომენდირებული წონა, საკვებ რაციონში ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულის და თევზის დამატებით და მოერიდონ შაქარს და დამუშავებულ ხორცს. 

მეტი იმოძრავე 

ადამიანების უმეტესობა ყოველ კვირაში 150 წუთიანი, საშუალო ინტვენსივობის ფიზიკური აქტივობით უნდა დაკავდეს (ან 75 წუთი მაღალი ინტენსივობის ვარჯიში) რათა შეინარჩუონ ჯანმრთელი წონა და დაბალი სისხლის წნევა. რაც უფრო მეტს ვარჯიშობთ, მეტია სარგებელიც, თუმცა ნებისმიერი ვარჯიში უკეთესია, ვიდრე საერთოდ ვარჯიშის არარსებობა, როცა საქმე გულის დაცვას ეხება. 

კომენტარები