რუსული ოკუპაცია

პრეზიდენტი: როგორ არ დაბომბა სააკაშვილმა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა?

0 კომენტარი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია

სალომე ზურაბიშვილი ისევ ფიქრობს, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ჩვენი ტერიტორიები და მოსახლეობა დაბომბა". თუმცა, TV პირველის გადაცემა რეაქციაში ზურაბიშვილი ხაზგასმით აცხადებს, რომ ეს "ჩვენი შიდა გასარჩევია" და ომი რუსეთმა დაიწყო.

"ერთმა ქვეყანამ გადალახა მეორე ქვეყნის საზღვარი და ეს არის რუსეთი. საქართველოს არ გადაულახავს არც ერთი თავისი მეზობელი ქვეყნის საზღვარი და რუსეთმა ეს გააკეთა არაერთხელ, არამედ გამუდმებით. ამაზე ორი აზრი არ არის. მეორე საკითხია, იმ პირობებში, იმ პროვოკაციებში, იმ პერიოდში, როცა გაუთავებლად იყო დაბომბვები, რა უნდა გაეკეთებინა სააკაშვილს ან რა არ უნდა გაეკეთებინა? ისტორიას აქვს თავისი სათქმელი, ამას უნდა დაველოდოთ, არ არსებობს ქვეყანა, რომელიც წინ მიდის და არ უყურებს ისტორიას ღია თვალებით" - ამბობს პრეზიდენტი.

კითხვაზე, "დღეს აღარ ამბობთ, რომ სააკაშვილმა დაბომბა ცხინვალი?", სალომე ზურაბიშვილი პასუხობს - "როგორ არ დაბომბა ცხინვალი, როგორ არ დაბომბა ცხინვალი, ჩვენი მოსახლეობა, რომელიც, ნაწილობრივ იყო დაცლილი... მაგრამ მე ამას ვთვლი, როგორც შეცდომად და არა როგორც საქართველოს პასუხისმგებლობად ომში".

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ეს განცხადებები არ არის საქართველოს დადანაშაულება.

"ომის პასუხისმგებლობა არის იმ ქვეყნის, რომელიც არის სამართლებრივად ომზე პასუხისმგებელი, დაიწყო საომარი მოქმედებები და გადმოვიდა საზღვარზე, ჩვენ არ გადავსულვართ საზღვარზე. 

[სააკაშვილის] დანაშაული არის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს არის ჩვენი ტერიტორია, ეს არის შიდა პოლიტიკა, ამაში ვერ ვთანხმდებით, ეს არის დანაშაული, რომელიც არის პრეზიდენტის და ჩვენი გასარჩევი შიგნით. საერთაშორისო ნებისმიერ სასამართლოში რუსეთი და მხოლოდ რუსეთი არის დამნაშავე, მხოლოდ რუსეთი" - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა წინასაარჩევნოდ არაერთხელ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავე საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება იყო, რადგან "საკუთარი მოსახლეობა დაბომბა და პროვოკაციას აჰყვა". შემდეგ განცხადებებში ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა დააზუსტა, რომ აგრესორი რუსეთი იყო, მაგრამ, "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა". ასევე, ზურაბიშვილი საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ "ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, მაგრამ საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი [2008 წლის ომი] ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".

საქართველომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოში (ICJ) ეთნიკური წმენდის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის გამო სარჩელი 2008 წელს შეიტანა. მომდევნო წლის პირველ დეკემბერს რუსეთის ფედერაციამ სასამართლოში შესაგებელი სარჩელი შეიტანა, სადაც საქართველო „გენოციდში“ დაადანაშაულა. სარჩელში რუსეთის ფედერაცია საქართველოს საზღვრების ცვლილების დაკანონებას მოითხოვს და მტკიცებულებად იყენებს ციტატას სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან "La tragédie géorgienne 2003-2008".

ამონარიდები რუსეთის სარჩელიდან და მათ მიერ გამოყენებულ ციტატები სალომე ზურაბიშვილის წიგნიდან ვრცლად იხილეთ აქ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნატა ტალიკიშვილი

კომენტარები