სავალდებულო სამხედრო სამსახური

გირჩი: საპატრიარქომ დაადასტურა, რომ სესიაშვილის კანონპროექტის უკან ის დგას

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook/Zurab Japaridze

პოლიტიკური გაერთიანება გირჩის შეფასებით, "საპატრიარქომ დაადასტურა, რომ სინამდვილეში სესიაშვილის კანონპროექტის უკან ის დგას". ცნობისთვის, 19 მარტის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ "ფსევდორელიგიური იურიდიული პირების" წინააღმდეგ "შესაბამისი ზომები" უნდა გატარდეს. 

საპატრიარქოს განცხადების გირჩისეული განმარტება: 

  • საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა არსებობდეს. ანუ ფიქრობს, რომ სახელმწიფოს აქვს უფლება ადამიანი პოლიციის ძალით წაიყვანოს სადმე 1 წლით და აკეთებინოს ისეთი საქმე, რისი კეთებაც მას არ უნდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მონობა მოსულა. ასე ესმით ქრისტიანობა.
  • საპატრიარქო მიიჩნევს, რომ მონობა არ მოსულა მხოლოდ მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის, რადგან „ეს საყოველთაოდ მიღებული პრაქტიკაა“. მოკლედ, ჩვენი დამონება არ მოსულაო. ჩვენც ბატონები ვართო.
  • საპატრიარქო მიიჩნევს, რომ სახელმწიფოში გარანტირებული უნდა იყოს არასამხედრო ალტერნატიული „შრომითი სამსახური“ (არაშრომითი სამსახურებიც არსებობს სადღაც). ანუ, თუ არ მოგწონს ავტომატით ხელში მონობა, ნიჩბიანი მონა იყავიო, ან რამე სხვა საქმე მოვძებნოთო. მაგრამ 1 წელი მონა აუცილებლად უნდა იყოო. სახარების თავის მითითება დაავიწყდათ, სადაც ეს წერია.
  • საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიური თავისუფლება არის „ფსევდორელიგიური იურიდიული პირი“. ანუ, ზუსტად იციან რომელი რელიგიაა ნამდვილი და რომელი ცრუ. ტესტი ალბათ იმაზე გადის, რამდენი ჯიპი ჰყავს რელიგიაზე პრეტენზიის მქონე ორგანიზაციას და რამდენი მღვდელმთავარი დასდევს ზემდგომს ციანიდიანი სასმისით.
  • საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიურ თავისუფლებას მერკანტილური ინტერესები აქვს. ამას მიიჩნევს ინსტიტუტი, რომელიც ყოველ წელს იღებს და ირგებს ღატაკი მოსახლეობისთვის გადასახადების სახით წართმეულ 25 მილიონს, ბოლშევიკების მიერ ამ ქვეყნის მოქალქეებისთვის წართმეულ მიწებსა და უძრავ ქონებას, ვაჭრობს ჯვრებით, სანთლებით, ყველით, თაფლით, არყით და პრინციპში, ყველაფრით, რისი გაყიდვაც შეიძლება, რომლის წარმომადგენლებიც მოძრაობენ ათობით ათასი დოლარის ღირებულების მანქანებით და ათასობით ლარის ღირებულების მობილურებით, რომლებიც ყველაფერში ფულს იღებენ ბავშვის ნათლობიდან დაწყებული, მიცვალებულის წესის აგებით დამთავრებული. მერკანტილიზმის მამები ამბობენ ამას ჩვენზე.
  • საპატრიარქო მიიჩნევს, რომ ბიბლიური თავისუფლება დაკავებულია „ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით“. ინსტიტუტი, რომელიც დაკომპლექტებულია საბჭოთა სუკის მიერ შერჩეული, და შემდეგ მათ მიერ შერჩეული კადრებით; რომელიც გამოირჩევა დეკლარირებულად პრორუსული ხედვებით; რომლის წარმოამდგენლებიც რეგულარულად დადიან რუსეთში და ღიად ხვდებიან კრემლის ერთერთი დეპარტამენტის წარმომადგენლებს, რომლებიც თავის თავს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას უწოდებენ; რომელიც ამ დეპარტამენტის წარმოამდგენლებს სინოდის თითქმის სრული შემადგენლობით ხვდება საპატრიარქოში, ხოლო უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმოამდგენლებს რესტორანში პატიჟებს ყავაზე და ეუბნება, რომ ჯერ ტომოსი უნდა წაიკითხოს; რომლის წარმომადგენლებიც ღიად, დღისით-მზისით ქადაგებენ იმის თაობაზე, რომ დასავლეთი რყვნის, ხოლო რუსეთი, როგორც მესამე რომი, ხსნაა საქართველოსთვის - აი, ეს ინსტიტუტი ამბობს ჩვენზე, რომ ჩვენ ვართ ანტისახელმწიფოებრივი.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

სესიაშვილის ამ ინიციატივის მიზეზი პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებაა", რომელიც წვევამდელებზე სასულიერო პირის მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ. 

სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებს "გირჩი" და ამ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ინიციატივა მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც. 16-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ბიუროს 19 მარტის სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა საკითხის დროებით გადადება ითხოვა. ის გეგმავს, კომიტეტზე განხილვამდე კანონპროექტი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილოს.

კომენტარები