დონალდ ტრამპი

ტრამპი: არასოდეს ვყოფილვარ ჯონ მაკკეინის ფანი და არც არასოდეს ვიქნები

Getty Images

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო მიიღო. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მან თქვა, რომ სენატორ ჯონ მაკკეინს 2017 წელს ე.წ. ობამაქეარის გაუქმებისათვის მხარი უნდა დაეჭირა:

"ჯონ მაკკეინის ფანი არასოდეს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები."

სენატორი მაკკეინი გასული წლის აგვისტოში გარდაიცვალა. ტრამპმა ის ჯანდაცვის კანონზე გადაწყვეტილების ბოლო წუთს, გაფრთხილების გარეშე შეცვლაში დაადანაშაულა. ტრამპის თქმით ამან ის გააბრაზა.

"ჩვენი ქვეყანა ტრილიონობით დოლარს დაზოგავდა და შესანიშნავი ჯანდაცვა გვექნებოდა." თქვა მან.

ტრამპის თქმით სამარცხვინო იყო, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას მაკკეინი მოსახლეობას ობამაქეარის ჩანაცვლებას ჰპირდებოდა, თუმცა 2017 წელს რესპუბლიკელების მცდელობას ხელი შეუშალა.

ეს ტრამპის მხრიდან ჯონ მაკკეინის კრიტიკის პირველი შემთხვევა არაა. გასულ კვირას ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე დაწერა, რომ მაკკეინმა ბრიტანეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრისგან მიღებული გადაუმოწმებელი დოსიე რუსეთთან ტრამპის კავშირების შესახებ აშშ-ის გამოძიების ეროვნულ ბიუროს გადასცა. მან ასევე დაწერა, რომ სამხედრო აკადემიაში მაკკეინი კლასში ყველას ჩამორჩებოდა.

ტრამპსა და მაკკეინს შორის უთანხმოება 2015 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს დაიწყო. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ მაკკეინი ომის გმირი არ იყო და მას ის ადამიანების ერჩივნა, ვინც ტყვედ არ ჩავარდნილან.

კომენტარები