სასამართლო სისტემა

კობახიძე: საოცარი შიშია კვალიფიკაციის კრიტერიუმის მიმართ, ამიტომ ითხოვენ გამოცდის ამოღებას

ირაკლი კობახიძე
პარლამენტი

ირაკლი კობახიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა მის მიერ შემუშავებულ კანონოპროექტის მიმართ უსაფუძვლოა. 

საქმე იმ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხება, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის წესს - კრიტერიუმებს და პროცედურებს ეხება და რომლის ავტორიც კობახიძე რამდენიმე დეპუტატთან ერთად არის და რომელსაც სამოქალაქო სექტორი "კლანზე მორგებულს" უწოდებს. 

NGO-ები ამბობენ, რომ 2018 წლის აგვისტოში პარლამენტმა თავად გააუქმა საკვალიფიკაციო გამოცდა, შესაბამისად 7 თვის შემდეგ მისი აღდგენა გაუგებარია. 

ასევე, "გამოცდას ატარებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შემფასებლები არიან ანონიმური პირები. არავინ იცის, ისინი ვინ არიან. ამასთან, არასამთავრობოების წარმომადგენლების თქმით, საკვალიფიკაციო გამოცდა ის გამოცდაა, რომელიც ე.წ გვენეტაძის სკანდალს უკავშირდება (2016 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამჟღავნდა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების ტესტების საკითხები. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავარ პროკურორს მოუწოდეს, მომხდარსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე გამოძიება დაწყებულიყო) და დღემდე არ არის გამოძიებული. 

შესაბამისად, გამოცდა პრობლემურია, გამოცდის ჩამტარებელი არის საბჭო, კანდიდატებს 21 დღეს აძლევენ მოსამზადებლად, რაც, უბრალოდ სასაცილოა. ეს ყოველივე ერთობლიობაში მიუთითებს იმაზე, რომ ეს გამოცდა არის იმისთვის, რომ არასასურველი კანდიდატები მოიშორონ".

ამის პასუხად დღეს კობახიძე ამბობს: 

"აშკარად ჩანს შიში იმ კრიტერიუმის მიმართ, რასაც ჰქვია კვალიფიკაცია. ჩვენ ვნახეთ ის ვარიანტები, რომლებიც იყო წარმოდგენილი ოპონენტების მიმართ, მათ შორის ერთ-ერთი იყო გამოცდა. მაშინ, როცა გამოცდა არის მთავარი ინსტრუმენტი კვალიფიკაციის შესამოწმებლად. ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ კითხვები წინასწარ შეთანხმებულიყო მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს შორის. ეს კარგად იცით, რას ნიშნავს - როცა გამოცდაზე გადიხარ და წინასწარ იცი ბილეთი, ძალიან მარტივია მისი ჩაბარება. ანუ იყო საოცარი შიში კვალიფიკაციის კრიტერიუმის მიმართ. ამას ეფუძნება მოთხოვნა გამოცდის კრიტერიუმის ამოღებაზე". 

NGO-ების კიდევ ერთი შენიშვნა ინტერესთა კონფლიქტს ეხება. არასამთავრობოების შეფასებით, "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატად საკუთარი თავები დაასახელეს. საკუთარ კანდიდატურებს გადაწყვეტილების მიღების დროს ისინი კენჭისყრაში არ მონაწილეობენ, მაგრამ აქვთ წვდომა ყველა ინფორმაციაზე კონკურენტების შესახებ. შეუძლიათ, მათ კითხვები დაუსვან, მიიღონ მონაწილეობა კონკურენტებთან გასაუბრებაში. ეს არის წარმოუდგენელი ამბავი, იმიტომ რომ პირდაპირ მიანიშნებს, რომ სხვა კანდიდატებთან უპირატეს მდგომარეობაში არიან". 

NGO-ების შეთავაზებული ვარიანტით, საკუთარი თავის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლებამოსილება უნდა შეჩერებოდათ.

კობახიძის თქმით: 

"რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ამასთან დაკავშირებით იყო რეკომენდაციები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და ჩვენ ეს გავიზიარეთ. არც პირველ და არც მეორე ეტაპზე, სადაც არის რეალურად ინტერესთა კონფლიქტი, საბჭოს წევრს არ აქვს საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება. ინტერესთა კონფლიქტის საკითხი არის მთლიანად გათვალისწინებული". 

უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებული მოვლენები

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, რომელიც ძალაში 2018 წლის 16 დეკემბერს შევიდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რიცხვი, სულ მცირე, 28 უნდა იყოს. 

დამატებით 17 მოსამართლის დანიშვნა აუცილებელი სწორედ ამის გამო ხდება - დღეის მდგომარეობით, უზენაეს სასამართლოში 11 მოქმედი მოსამართლეა. თუმცა, ამ ეტაპზე იუსტიციის უმაღლესი საბჭო მხოლოდ 10 მათგანის დანიშვნაზე ზრუნავს. 

ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ახალი რედაქციით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, იუსტიციის საბჭოს წარდგინებით პარლამენტი უვადოდ ნიშნავს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი 24 დეკემბერს დაასახელა. საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე წარუდგინა. ყველა მათგანი საბჭოს მოსამართლე წევრია. 

კანდიდატურები, ისევე, როგორც მათ შესახებ გადაწყვეტილების მიღების და წარდგენის ფორმა საბჭოს არამოსამართლე წევრების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების უკმაყოფილებას იწვევდა. 

სიას მოწინააღმდეგეები ჰყავდა ქართულ ოცნებაშიც, მათ შორის იყვნენ ეკა ბესელია და გედევან ფოფხაძე. სწორედ ეს გახდა მმართველ გუნდში დაპირისპირების და შემდეგ მათი უმრავლესობიდან წამოსვლის მიზეზიც.

12 იანვარს, მას შემდეგ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს შეხვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი მოსამართლეთა შესარჩევად პროცედურისა და კრიტერიუმებს შეიმუშავებს. სწორედ ამ კრიტერიუმების საფუძველზე განახლდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების სია.

21 იანვარს წარდგენილმა 10-ვე მოსამართლემ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და კანდიდატურა მოხსნა, "არაჯანსაღი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით".

ირაკლი კობახიძემ კი რამდენიმე დეპუტატთან ერთად კანონპროექტი შეიმუშავა და როგორც ქართული ოცნების ოფისში 18 მარტის სხდომის შემდეგ გადაწყდა, მას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

კომენტარები