Game of thrones

"მე მიყვარს ჯონ სნოუ, ის ჩემია" - კიტ ჰარინგტონის ინტერვიუ

Game of Thrones-ის ფინალური სეზონის გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო - 25 დღე დარჩა.

ჟურნალმა Variety-მ სერიალის ერთ-ერთი მთავარი მსახიობი კიტ ჰარიგნტონი ჩაწერა და ჯონ სნოუს როლის შესახებ ესაუბრა.

კიტ ჰარინგტონის თქმით, ის სერიალის პირველი სამი სეზონის განმავლობაში პრესაში მუდმივად კითხულობდა როგორი მოსაწყენი იყო ჯონ სნოუ და ეს წყინდა.

"მე ყოველთვის მახსოვს რომ წერდნენ როგორი მოსაწყენია ჯონ სნოუ. ცოტა ხანი მწყინდა, რადგან მე მიყვარს ჯონ სნოუ, ის ჩემია და მიყვარს მისი თამაში", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

სერიალის შვიდივე სეზონში ჯონ სნოუ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, თუმცა მისი როლი მეხუთე სეზონიდან იზრდებდა, მას შემდეგ რაც ის ის ბოლო სერიაში კვდება და მეექვსე სეზონის მეორე სერიაში მელისანდრას მაგიის საშუალებით ცოცხლდება.

"ჩემი ყველაზე ბნელი პერიოდი მაშინ დადგა, როდესაც სერიალი ჯონ სნოუზე ფოკუსირდა, როდესაც ის მოკვდა და შემდეგ გაცოცხლდა. მე მართლა არ მომწონდა, რომ ჯონი ყველაფრის ცენტრში მოექცა. როდესაც შენ სერიალის მთავარი ელემენტი ხდები, სერიალი კი ამ დროს ძალაუფლების ზენიტშია, შენზე მოპყრობილი ყურადღება ძალიან შემაშინებელი ხდება. ხალხი ქუჩაში მხვდებოდა და მეკითხებოდა - შენ მკვდარი ხარ?", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

მსახიობის თქმით, ყურადღების ცენტრში მოქცევის შემდეგ მისი მენტალური მდგომარეობა გაუარესდა.

"ეს არ იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი. ვგრძნობდი, რომ თავი ყველაზე იღბლიან ადამიანად უნდა მეგრძნო, თუმცა თავი ყველაზე დაუცველად მიმაჩნდა. "უიმედო" პერიოდი მქონდა, დაახლოებით ისეთი 20 წლის ადამიანებს რომ ემართებათ ხოლმე, თავს დაუცველად ვგრძნობდი და არავისთან არ ვსაუბრობდი. ვხვდებოდი, რომ მადლიერი უნდა ვყოფილიყავი იმის გამო რაც მქონდა, თუმცა იმასაც ვფიქრობდი საერთოდ უნდა გამეგრძელებინა თუ არა მსახიობობა. ამ დროს თერაპიებზე სიარული დავიწყე და ხალხსაც გამოველაპარაკე", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

32 წლის მსახიობმა მერვე სეზონის უკანასკნელ გადაღებებზეც ისაუბრა.

"დიდი ხნის განმავლობაში Game of Thrones-ის დასასრულამდე მსურდა რომ ახალი პიროვნება ვყოფილიყავი. გადაღებების ბოლო დღეს კოსტუმი გავიხადე და ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, რომ კანი მთლიანად ამძვრა. მე ძალიან ემოციური ვიყავი", - თქვა კიტ ჰარინგტონმა.

შეგახსენებთ, რომ Game of Thrones-ის მერვე, ფინალური სეზონი 14 აპრილს გამოდის.

კომენტარები