საბანკო რეგულაციები

ბახტაძე: თუ დაკრედიტების სისტემას კორექტირება დასჭირდება, ლოგიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ

www.facebook.com/pg/bakhtadzemamuka

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის თქმით, "პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემას ცოტა ვადროვოთ და თუ ანალიზი აჩვენებს, რომ ციფრები საჭიროებს დაკორექტირებას, პასუხისმგებელი პირები ლოგიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ". მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმა "ფეისბუქლაივში" აღნიშნა, რომ დასკვნების გასაკეთებლად ჯერ საკმარისი დრო არ გასულა.

“საქართველოში არსებული დაკრედიტების სისტემა იყო სრულიად უპასუხისმგებლო, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოგვიტანა და ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. ჩვენ დავამკვიდრეთ ახალი, სამართლიანი დაკრედიტების სისტემა და გამოვიყენეთ საუკეთესო ევროპული გამოცდილება, რათა ვიყოთ დარწმუნებული, რომ თითოეული მოქალაქის, ისევე, როგორც კრედიტორის ინტერესი ბოლომდე დაცულია. ამავე დროს, ჩვენ, ფონდ “ქართუსთან” ერთად, “შავ სიაში” მყოფი ჩვენი 600 ათასი მოქალაქე გავათავისუფლეთ უმძიმესი ტვირთისგან.

რაც შეეხება იმას, რა შედეგები შეიძლება მოიტანოს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემამ ქართულ ეკონომიკაზე, ბუნებრივია, სამომხმარებლო ნაწილში  დაკრედიტების მოცულობა შემცირდება და ეს ლოგიკურია, მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ტიპის რეგულაცია აუცილებელია, რათა დაზღვეული ვიყოთ, რომ სისტემა არ გასცემს ე.წ ტოქსიკურ და წინასწარ გაკოტრებისთვის განწირულ სესხებს. დაკრედიტების არსებული სისტემა ძალიან მძიმე რისკებს ქმნიდა ეროვნული ეკონომიკისთვის. მოგეხსენებათ, Fitch-მა გაზარდა ჩვენი საკრედიტო რეიტინგი განხორციელებული რეფორმებისთვის, რომელთა ნაწილია სწორედ პსუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა”, - განაცხადა პრემიერმა.

2019 წლის იანვრიდან, ახალი საბანკო რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, საქართველოს სასესხო ბაზარი მნიშვნელოვნად გარდაიქმნა. ახალი რეგულაციების მიხედვით, ბანკებს ევალებათ მსესხებლის გადახდისუნარიანობის უფრო მკაცრად შემოწმება, ვიდრე მანამდე. თითოეულ მოქალაქეს მისი ყოველთვიური ხელფასის მიხედვით დაწესებული აქვს მაქსიმალური ლიმიტი თუ რა მოცულობის სესხი შეიძლება აიღოს მან. 

1) თვეში 1000 ლარამდე შემოსავლის პირობებში, სესხის გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს 35%-ს, ანუ 350 ლარს.

2) თვეში 1000-2000 ლარამდე - 45%-ს, 900 ლარს

3) თვეში 2000-4000 ლარამდე - 55%-ს, 2200 ლარს

4) თვეში 4000 ლარზე მეტი, მოქალაქეს შეუძლია აიღოთ სესხი, რომლის ყოველთვიური გადახდებიც, 60%-ია. 

საფინანსო ორგანიზაციას ასევე არ შეუძლია გასცეს ისეთი სესხი, რომლის ყოველთვიური გადასახადის გადახდის შემდეგ, მოქალაქეს შემოსავლიდან საარსებო მინიმუმზე ნაკლები რჩება. 

სესხების გაცემაზე რეგულაციებმა ბიზნესი მნიშვნელოვნად დააზარალა. წაიკითხეთ ვრცლად.

კომენტარები