ვენესუელა

ვენესუელას სადაზვერვო სამსახურის აგენტებმა ხუან გუაიდოს თანაშემწე დააკავეს

0 კომენტარი
ხუან გუაიდო ფოტო: Reuters

ვენესუელას სადაზვერვო სამსახურის აგენტებმა ხუან გუაიდოს თანაშემწე რობერტო მარერო დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად გუაიდო ავრცელებს.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით მარეროს დაკავებამდე აგენტებმა გუაიდოს სხვა თანაშემწეების და მხარდამჭერების სახლებიც გაჩხრიკეს.

თებერვალში გუაიდომ თქვა, რომ როდესაც ის ერთ-ერთ ღონისძიებას ესწრებოდა მის სახლში პოლიციის სპეციალური დანაყოფი მივიდა და მის ცოლს ეძებდნენ, რომელიც იმ დროს წლინახევრის ქალიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში ვენესუელის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის ლიდერს, ხუან გუაიდოს საბანკო ანგარიშები გაუყინა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

ქვეყნის მთავარმა პროკურორმა მის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მისი თქმით გამოძიების მიზანია დაადგინოს რა როლი აქვს გუაიდოს "სერიოზულ დანაშაულებში, რომლებიც ქვეყანაში კონსტიტუციურ წესრიგს უქმნიან საფრთხეს."

აკრძალვის მიუხედავად გუაიდომ ქვეყანა დატოვა და კოლუმბიაში გადავიდა, როდესაც ნიკოლას მადუროს რეჟიმმა კოლუმბიიდან მომავალ ჰუმანიტარულ დახმარებას საზღვარი ჩაუკეტა.

ამის შემდეგ მან ვენესუელაში დაბრუნება მოახერხა.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მადუროს რეჟიმი გააფრთხილა, რომ გუაიდოსთვის რაიმე საფრთხის შექმნის შემთხვევაში ისინი "შესაბამის პასუხს გასცემდნენ."

ოპოზიციის ლიდერი, ხუან გუაიდო 50-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საქართველომ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად ცნეს. გუაიდო პრეზიდენტად აღიარა აშშ-ში ვენესუელის უმაღლესმა სამხედრო წარმომადგენელმა ხოსე ლუის სილვამაც. ნიკოლას მადუროს რეჟიმს კი მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, სირია და კუბა უჭერენ.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები