კანაფი

ვარაუდობენ, რომ კანაფის ლეგალური ბაზარი 2018-2023 წლებში წლიურად 23.97%-ით გაიზრდება

https://www.cannabisbusinesstimes.com

კანაფის ლეგალიზების არეალის ზრდასთან ერთად, ამ ბიზნესში ინვესტირებით დაინტერესებაც მატულობს. ექსპერტების პროგნოზით, კანაფის ლეგალური ბაზარი 2018-2023 წლებში წლიურად 23.97%-ით გაიზრდება.

“თუ მართლა გინდათ ისეთ სფეროში ყოფნა, რომელიც სწრაფად იზრდება, ვფიქრობ, კანაფი სწორი არჩევანია” - ამბობს მდიდარი ოჯახების მრჩეველი კაროლ პეპერი. პეპერი Pepper International-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო მდიდარ ოჯახებს ემსახურება: თითოეული მათგანის ქონების ზრდისა და რისკების შემცირებისთვის ექსპერტების ჯგუფი მუშაობს. კანაფის ბაზარზე და არსებულ ტრენდებზე პეპერი CNBC-ის ესაუბრა.

პეპერის თქმით, კანაფის ლეგალიზაციამ კანადაში მოლოდინებს იმდენად გადააჭარბა, რომ კანადაში დაფუძნებულმა კომპანიებმა ევროპაში დაიწყეს ექსპორტი.

“კანაფის სამედიცინო გამოყენება გამაოგნებელია. მიმდინარეობს კვლევები და ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი ზრდას უნდა ველოდეთ.”- ამბობს პეპერი, თუმცა კანაფის ეფექტურობის მტკიცებულება ართრიტისა და ეპილეფსიის წინააღმდეგ მკურნალობაში ჯერ არ არსებობს.

მრჩეველი არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ კანაფის აქციები ბიტკოინის ბედს გაიზიარებს - იყო დრო, როდესაც, აჟიოტაჟის ფონზე, ერთი ბიტკოინის ფასმა 19.000 დოლარს გადააჭარბა, თუმცა მალევე დაეცა და ახლა $3.940-ს შეადგენს. პეპერის არგუმენტი ისაა, რომ კანაფი, ბიტკოინისგან განსხვავებით, ფიზიკური პროდუქტია, კონკრეტული სარგებელით.

2018 წელს უმსხვილესმა საფონდო ბირჟებმა -  ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ და Nasdaq-მა სიებში კანაფის მწარმოებელი კომპანიები შეიტანა -  საფონდო ბირჟაზე აქციები კომპანიებმა Canopy Growth და the Cronos Group გაიტანეს. ორივე ეს კომპანია კანადაშია დაფუძნებული, სადაც მარიხუანა ახლა  რეკრეაციული და სამედიცინო მიზნითაც ლეგალიზებულია. Canopy Growth-ის აქციებს ფასი ერთ წელში 65%-ზე მეტით, Cronos -ის აქციები კი იმავე პერიოდში 115%-ზე მეტით გაიზარდა.

პეპერი ვარაუდობს, რომ მსოფლიოში ლეგალური აკრძალვების თანდათან გაუქმებასთან ერთად, კანაფის ინდუსტრიას აშშ-ის თამბაქოსა და ალკოჰოლური სასმელების დიდი კომპანიები გააკონტროლებენ.

დღესდღეობით კანაფი აშშ-ის 10 შტატსა და კოლუმბიის ოლქშია ლეგალიზებული, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური კანონი მცენარეს კრძალავს.

კანაფის მრავალი კომპანია თავიდან ბოლომდე თვითონ აკონტროლებს მისი მიწოდების ჯაჭვს, მცენარის გაზრდიდან - მისგან შექმნილი პროდუქტის გაყიდვამდე.

პეპერის თქმით, ეს ტრენდი დიდი ალბათობით შენარჩუნდება კანაფის ინდუსტრიაში, ვინაიდან ქიმიური ნივთიერებების სტაბილური დონის შენარჩუნება თითოეულ ნერგში მეცნიერულად რთულია: “ თუ აპირებთ EU-GMP სტანდარტის კანაფის წარმოებას, რაც ნიშნავს, რომ მისი გატანა ევროპაში იქნება შესაძლებელი, მაშინ საჭირო იქნება სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების დონის კონტროლი მცენარეში.”

კომენტარები