სავალდებულო გაწვევა

"სესიაშვილთან გარიგება რწმენაზე უარის თქმაა" - ბიბლიური თავისუფლება კონფესიებს მიმართავს

ზურაბ ჯაფარიძე
Facebook/Zurab Japaridze

გირჩის დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის ინფორმაციით, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი კულუარულად ელაპარაკება სხვადასხვა კონფესიების ლიდერებს.

"სესიაშვილი ცდილობს მათ დათანხმებას კანონმდებლობის ისეთ მოდელზე, რომლითაც სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების პროვილეგიით ისარგებლებს ყველა კონფესია, გარდა ბიბლიური თავისუფლებისა" - აცხადებს ორგანიზაცია და რელიგიურ კონფესიებს მიმართავს:

  • ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე რელიგიის წარმომადგენელი, რომელსაც პრეტენზია აქვს რწმენაზე, და რომელიც ისედაც ჩაგრულ მდგომარეობაში არსებობს დღევანდელ საქართველოში, შეიძლება შევიდეს ასეთ გარიგებაში სახელმწიფოსთან;
  • თავს ნუ მოიტყუებს ნურცერთი კონფესია, რომ ამ ინიციატივის უკან დგას სესიაშვილი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამ კანონპროექტის სულისჩამდგმელი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო - მათი დისკრიმინაციული ყოფის მთავარი შემოქმედი. შესაბამისად, სესიაშვილთან ასეთ გარიგებაში შესვლა, პირდაპირ ნიშნავს საპატრიარქოს ფეხქვეშ გაგებას და რწმენაზე უარის თქმას.
  • ამავე დროს, თუ ასეთი გარიგების ფაქტს ექნება ადგილი, ნებისმიერი რელიგიური ლიდერის მხრიდან ასეთ შეთანხმებაში შესვლა ჩვენი მხრიდან აღქმული იქნება როგორც მიუტევებელი ცოდვა. და პასუხიც იქნება შესაბამისი.

ცნობისთვის, ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი სესიაშვილის ინიციატივით, კანონში საერთოდ გაუქმდება ის ნორმა, რომლითაც მღვდელთმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლებით სარგებლობენ. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ამას მხარს დაუჭერს, აღნიშნული უფლება ფორმალურად ჩამოერთმევა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურსაც, თუმცა, კონკორდატის გათვალისწინებით, მას არათუ გადავადების, სამხედრო სამსახურისგან სრულიად გათავისუფლების უფლება დარჩება.

სესიაშვილის ამ ინიციატივის მიზეზი პოლიტიკური პარტია "გირჩის" მიერ დაარსებული რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლებაა", რომელიც წვევამდელებზე სასულიერო პირის მოწმობებს გასცემს, რათა მათ სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება შეძლონ. 

სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებს "გირჩი" და ამ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს. ინიციატივა მიუღებელია არასამთავრობო სექტორისთვისაც. 

აღსანიშნავია, რომ ბიუროს 19 მარტის სხდომაზე ირაკლი სესიაშვილმა საკითხის დროებით გადადება ითხოვა. ის გეგმავს, კომიტეტზე განხილვამდე კანონპროექტი დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილოს. სესიაშვილი უკვე შეხვდა რამდენიმე რელიგიურ ორგანიზაციას. ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარის თქმით, ირაკლი სესიაშვილმა აღიარა, რომ დისკრიმინაციულ მიდგომაზე "ნაკლებად ჰქონდა ნაფიქრი". ნაკაიძის ინფორმაციითვე, რელიგიური ორგანიზაციები ირაკლი სესიაშვილს, სავარაუდოდ, 25 მარტსაც შეხვდებიან.

კომენტარები